სარი
Aa
Aa

სარი "იუვენტუსს" შეუთანხმდა - იტალიელი ''ჩელსის'' ემშვიდობება

იტალიური მედიის ცნობით მაურიციო სარის ერა ლონდონის ''ჩელსიში'' სრულდება, თუმცა ამ თემაზე ინფორმაცია ევროპა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება. Sportnews.snai.it-ის ცნობით სარი ტურინის ''იუვენტუსს'' შეუთანხმდა და ახალი სეზონიდან იტალიის ჩემპიონს ''ნაპოლის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი უხელმძღვანელებს.

სარი ინგლისურ კლუბს სათავეში მიმდინარე სეზონის დასაწყისში ჩაუდგა. თუ ''ჩელსი'' ევროპა ლიგის ფინალში ლონდონის ''არსენალს'' დაამარცხებს, სარის ხელმძღვანელობით ''ჩელსი'' პირველ და სავარაუდოდ უკანასკნელ ტიტულს მოიპოვებს.

მიმდინარე სეზონში სარის ხშირად აკრიტიკებდნენ, რაც ნგოლო კანტეს პოზიციასა თუ კალუმ ჰადსონ-ოდოისთვის მცირე სათამაშო დროის მიცემას უკავშირდებოდა, თუმცა ყველაზე უცნაური მომენტი კარაბაოს თასზე დაფიქსირდა, როცა სარის მოთხოვნის მიუხედავად მეკარე კეპა არიზაბალაგამ შეცვლაზე უარი განაცხადა და მოედანი არ დატოვა.

60 წლის იტალიელ სპეციალისტს არაერთ იტალიურ გუნდში უმუშავია. სარი წვრთნიდა ''არეცოს,'' ''პერუჯას,'' ''პესკარას,'' ''ემპოლისა'' და ''ნაპოლის.''

2013-14 წლების სეზონში სარი ლევან მჭედლიძის ''ემპოლის'' წვრთნიდა და გუნდი სერია ბ-დან სერია ა-ში გადაიყვანა, რაც ცხადია წარმატებული შედეგი იყო, თუმცა ევროპაში მას შემდეგ გაიცნეს, რაც ''ნაპოლის'' ჩაუდგა სათავეში. 2016-17 წლების სეზონში სარი სერი ა-ს საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტურინის ''იუვენტუსის'' მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური გახდება, რადგან მასიმილიანო ალეგრი ტურინულ გრანდს ტოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები