კვერკველიამ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს
Aa
Aa

კვერკველიამ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს

რუსეთის პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონის დასკვნით ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივისა'' და ''უფას'' შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძელთა ქართველმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. ამ ეტაპზე კვერკველიას ტრავმის სიმძიმე უცნობია, მან შესაძლოა ივნისში გასამართი სანაკრებო მატჩები გამოტოვოს.

29-ე წუთზე თამაშში ''ლოკომოტივის'' ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთო, რომელმაც ტრავმირებული ტარასოვი შეცვალა.

''უფას'' სამატჩო განაცხადში ქართველი მცველი ჯიმი ტაბიძე კვლავ ვერ ვიხილეთ.

მატჩის პირველი ტაიმი იური სიომინის გუნდმა მანუელ ფერნანდეშის გოლით მოიგო. შესვენების შემდეგ ფერნანდეშს დუბლის შესრულების შანსი ჰქონდა, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ მოსკოვურმა გუნდმა მატჩი 1:0 მოიგო.

''ლოკომოტივმა'' სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება ''უფას,'' ჯიმი ტაბიძის გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ფლეი-ოფში ითამაშებს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო ივნისში გიბრალტარს და დანიას დაუპირისპირდება.

ფოტო: fclm.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები