სამეფო თასის ფინალის წაგების შემდეგ ვალვერდესა და ბართომეუს კომენტარმა ქომაგები აღაშფოთა
Aa
Aa

სამეფო თასის ფინალის წაგების შემდეგ ვალვერდესა და ბართომეუს კომენტარმა ქომაგები აღაშფოთა

"ბარსელონამ" სეზონი კოპა დელ რეის ფინალში "ვალენსიასთან" მარცხით დაასრულა და კლუბის გულშემატკივრებს იმედი გაუჩნდათ, რომ ბორდი ვალვერდეს ამჯერად მაინც დაითხოვდა, თუმცა როგორც ჩანს "ბარსას" უახლოეს მომავალში არაფერი ეშველება...

შეხვედრის დასრულების შემდეგ ერნესტო ვალვერდემ და პრეზიდენტმა ბართომეუმ მედიისთვის კომენტარები გააკეთეს. მილიონობით ფანისთვის მათი პოზიცია რა თქმა უნდა გამაღიზიანებელი იყო.

ვალვერდე: "ვალენსიას კონტრშეტევაზე თამაში კარგა გამოსდის. ერთი თვის წინ ჩემპიონობას და ტრებლის შესრულების შესაძლებლობას განვიხილავდით. ძალიან მაღალი მოლოდინი შევქმენით და საბოლოოდ მიზანს ვერ მივაღწიეთ.

თავს ნორმალურად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, როცა იგებ უფრო ბედნიერი ხარ. მესმის, "ბარსელონაში" წაგება მწვრთნელებისთვის მძიმეა.

ფეხბურთელებს ცდა არ დაუკლიათ, ბოლომდე იბრძოლეს, არ ვნებდებოდით. არა, ეს ფსიქოლოგიური პრობლემის გამო არ მომხდარა. დავმარცხდით, რადგან დავმარცხდით.

ამოწურა თუ არა კლუბმა ჩემდამი ნდობა? სათქმელი არაფერი მაქვს".

ბართომეუ: "ვალვერდეს კონტრაქტი აქვს. არა მგონია, წაგება მისი ბრალი იყოს.

გულშემატკივრებს სევილიაში ჩამოსვლისთვის და მხარდაჭერისათვის მადლობა უნდა გადავუხადოთ. წინ ვივლით. "ვალენსიას" გამარჯვებას ვულოცავთ, ეს მათ დაიმსახურეს.

ეს სეზონი ჩავარდნაა? არა, ლა ლიგა მოვიგეთ, რაც მუდამ ჩვენი მიზანია. ორი მატჩი წავაგეთ, "ენფილდზე" და აქ სევილიაში".

ხსენებული კომენტარების გავრცელების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში "ბლაუგრანას" ქომაგების აგრესია გაიზარდა, რაც რა თქმა უნდა გასაგებიც არის.

როგორც ჩანს, კლუბის ბორდი ბოლო 1 თვეში მომხდარს მხოლოდ ფეხბურთელებს აბრალებს და სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება. ვნახოთ რა შეიცვლება "ბარსელონასთვის" ახალი სახეების გამოჩენის შემდეგ.

ეს ყველაფერი უბრალოდ ჭრილობაზე მალამოს დადებას ჰგავს და მეტს არაფერს. პრობლემა გაცილებით ღრმა არის და ამას ყველა ხედავს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები