Tachiai:
Aa
Aa

Tachiai: "მსაჯის გამაოგნებელი გადაწყვეტილება...სამარცხვინო დაპირისპირება"

"ნაცუ ბაშოს" მე-13 სატურნირო დღე სუმოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება. ტოჩინოშინს შიმპანებმა (არბიტრები) გამარჯვება მოპარეს და ტურნირის მოგების შანსი მინიმუმამდე შეუმცირეს. ამას ვინ დაეძებს, ლევან გორგაძეს ოძეკის წოდების დაბრუნება სერიოზულად გაურთულეს.

იაპონური პრესა, მედია და გულშემატკივრების უდიდესი ნაწილი, ისევე როგორც უცხოელი მაყურებელიც ტოჩინოშინს ამართლებს და გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

ეს ყველაფერი ასანოიამას გამო ხდება, რომელიც იაპონელია და მის გაჩემპიონებას ცდილობენ - ეს მოსაზრება და ვერსია პირველად დღეს იაპონიიდან წამოვიდა.

ბოლო წლებში სუმოში მონღოლები დომინირებენ და იაპონელებს ეს მობეზრდათ. ეს ახალი ამბავი არ გახლავთ.

იაპონელთა ბოლო იოკოძუნა კისენოსატო იყო, რომელმაც კარიერა უკვე დაასრულა, რადგან ბოლო პერიოდში მას დოჰიოზე უმოწყალოდ ათრევდნენ და ბუნებრივია შერცხვენას კარიერის დასრულება არჩია.

მოკლედ, ტოჩინოშინისა და ასანოიამას ბრძოლას ცნობილი იაპონური ბლოგ-პორტალი tachiai.org-ი გამოეხმაურა.

"ონომაცუ ოიაკატა ცნობილ არბიტრად ითვლება, მაგრამ არის კი ის სწორი გადაწყვეტილებების მიმღები ცნობილი არბიტრი?

არცერთი კადრი არ ადასტურებს იმ გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ტოჩინოშინმა ქუსლი მიწას შეახო.

ოიაკატამ ტოჩინოშინის და ასანოიამას ორთაბრძოლის შეფასებისას გამაოგნებელი გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგადაც ქართველი სეკიტორი შესაძლოა ოძეკის რანგის გარეშე დარჩეს.

ბრძოლის ბოლოს, როდესაც მან ასანოიამა ძირს დააგდო, ტოჩინოშინს ფეხი ტავარაზე ედო. ამ ყველაფერს თანამედროვე სუმოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მონოი მოჰყვა და საბოლოოდ გამარჯვება ასანოიამას მიანიჭეს.

ტოჩინოშინი სათანადოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა მსაჯების ასეთმა გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ ამ ბლოგის მკითხველს, არამედ ბევრ გულშემატკივარსაც დასწყვიტა გული.

ეს შეხვედრა ყველას დაამახსოვრდება როგორც სამარცხვინო დაპირისპირება, რომელშიც არცერთ მებრძოლს არაფერი დაუშავებია. მთავარი დანაშაული 7 წუთიანი მონოი გახლდათ".

აქვე გეტყვით, რომ იაპონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლევან გორგაძეს ოძეკის წოდება შესაძლოა 9 მოგებითაც დაუბრუნონ. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ცხელი ამბები