პიკე
Aa
Aa

პიკე "ლივერპულთან" მარცხის, ერნესტო ვალვერდეს და "ბარსას" სამომავლო გეგმების შესახებ

კატალონიის „ბარსელონას“ ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ ესპანურ გამოცემა El Pais-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ლივერპულთან“ განცდილი მარცხის, სამომავლო გეგმებისა და ერნესტო ვალვერდეს შესახებ ისაუბრა.

„ძირითადად ასეთი რამ (ლივერპულთან მარცხზეა საუბარი) იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი, ან თითქმის ყველაფერი შენს საწინააღმდეგოდ ვითარდება. ჩემი აზრით „ბარსელონას“ ფეხბურთელებს რომში დაფიქსირებული შედეგის გამო ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდათ. „რომასთან“ ერთი წლის წინ დავმარცხდით და ის მატჩი არასდროს დაგვავიწყდება“.

„სამწუხაროდ ყველაფერს ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვერ დავაბრალებთ. ფაქტია, რომ საშინლად ვითამაშეთ და ნამდვილი კოშმარი გამოვიარეთ. „ლივერპულის“ ფეხბურთელები მაღალ პრესინგს ხშირად მიმართავდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ და „ენფილდზე“ შექმნილმა ატმოსფერომაც დიდი როლი ითამაშა. ჩვენ საკუთარი თამაშის პოვნა ვერ მოვახერხეთ და ამის გამო დავისაჯეთ“.

„ემოციური გადმოსახედიდან „წითლებთან“ წაგება ძალიან რთული გადასატანი აღმოჩნდა. რამდენიმე დღე გავიდა, მაგრამ "ლივერპულთან" მარცხს მაინც ვერ ვივიწყებთ. კრახი განვიცადეთ, რომელიც სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, თუმცა ერთ ადგილზე გაჩერება კარგს არაფერს მოგვიტანს და აუცილებელია წინსვლა განვაგრძოთ“.

პიკე ერნესტო ვალვერდეს მხარდაჭერას უცხადებს და აცხადებს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ესპანელმა სპეციალისტმა დიდი სამუშაო გასწია.

„კატალონიელი ქომაგი ძალიან მომთხოვნია და მწვრთნელის გაშვებას ამიტომ ითხოვს. მე ვთვლი, რომ მთავარი მოგება არაა! მთავარია როგორ გაიმარჯვებ! გუარდიოლას დროს „ბარსელონა“ ბრწყინვალე სტილში ასპარეზობდა და გარწმუნებთ, რომ ვალვერდეს ზუსტად იგივე სტილში სურს თამაში“.

ინტერვიუს დასკვნით ნაწილში „ბლაუგრანას“ ერთ-ერთი ლიდერი კლუბის სამომავლო გეგმებს შეეხო და დე ლიხტისა და დე იონგის შესახებ გააკეთა კომენტარი.

„დე ლიხტი ახალგაზრდა ფეხბურთელი და უმაღლესი დონის მცველია. რაც შეეხება დე იონგს, ფრენკის დიდი პოტენციალი და მომავალი აქვს. თანაც „ბარსელონას“ სტილის მოთამაშეა და „კამპ ნოუზე“ ასპარეზობას მოუთმენლად ელის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები