ბათუმის ''დინამოს'' მორიგი ''ქამბექი'' და კაპიტნის გამარჯვების გოლი
Aa
Aa

ბათუმის ''დინამოს'' მორიგი ''ქამბექი'' და კაპიტნის გამარჯვების გოლი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტურში საჩხერის ''ჩიხურამ'' ''მიხეილ მესხზე'' ბათუმის ''დინამოს'' უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. 

მე-18 წუთზე ''ჩიხურას'' შემტევმა მიხეილ სარდალიშვილმა მარცხენა ფლანგიდან ''დინამოს'' საჯარიმოში გადაცემა შეასრულა, მცველთა არადამაჯერებელი მოქმედების შემდეგ დემურ ჩიხლაძემ ანგარიში გახსნა.

33-ე წუთზე ბათუმის ''დინამომ'' ანგარიში გაათანაბრა, ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ ''ჩიხურას'' მცველები შეცდნენ, ვითარებით ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა. 22 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 11 მატჩში მე-7 გოლი შეაგდო. ასევე, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია.

ნავალოვსკიმ მეორე გოლის კომბინაციაშიც მიიღო მონაწილეობა, მისი პასის შემდეგ გუნდის კაპიტანმა გიორგი ჯანელიძემ გამარჯვების გოლი შეაგდო.

მიმდინარე სეზონში გია გეგუჩაძის გუნდმა მეათე მატჩი მოიგო. ათი შეხვედრიდან ''დინამო'' ოთხ მატჩში მარცხდებოდა, თუმცა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და 3 ქულის მოპოვება. აჭარული გუნდის ანგარიშზე 4 ''ქამბექია.''

15 მატჩში ბათუმის ''დინამომ'' 31 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს ''საბურთალო'' იკავებს, რომელიც მე-15 ტურის მატჩს 24 მაისს გორის ''დილასთან'' სტუმრად გამართავს.

ფოტო: ბათუმის ''დინამოს'' პრესსამსახური 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები