Aa
Aa

დელ ბოსკე ნეიმარზე წინ მბაპეს აყენებს

მადრიდის „რეალის“ ყოფილი თავკაცი, ვისენტე დელ ბოსკე მიიჩნევს, რომ „სამეფო კლუბს“ კილიან მბაპეს ტრანსფერი უფრო წაადგება, ვიდრე ნეიმარის. ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში „პსჟ-ს“ სუპერვარსკლავების სამომავლო გეგმების შესახებ აქტიურად იწერება. ზოგიერთი გამოცემა იუწყება, რომ მათ შორის სიტუაცია დაძაბულია და შესაძლოა ერთ-ერთ მათგანს „პარკ დე პრენსის“ დატოვება მოუწიოს.

დელ ბოსკემ საკუთარი მოსაზრება Radio Marca and El Partidzao-სთან საუბრისას დააფიქსირა და აღნიშნა: „პირადად მე კილიან მბაპეს გავიფორმებდი, რადგან ვფიქრობ, რომ მისი ტრანსფერი გუნდს მეტ სარგებელს მოუტანს. ნეიმარს რაც შეეხება, ბრაზილიელი ხშირად ნამდვილი ბავშვივით იქცევა“.

ესპანური პრესის ცნობით ზაფხულში პარიზულ გუნდს ბრაზილიურ-ფრანგული დუეტის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. ეს ყველაფერი „პსჟ-ს“ მთავარ მწვრთნელს, ტომაშ ტუხელსაც მშვენივრად მოეხსენება.

გერმანელმა სპეციალისტმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა „პარკ დე პრენსი“ ორივე სუპერვარსკლავმა დატოვოს. სწორედ ამიტომ ტუხელმა კლუბის ხელმძღვანელობას ფეხბურთელების შესანარჩუნებლად მაქსიმუმის გაკეთებისკენ მოუწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები