Aa
Aa

მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრებში დაბრუნდა

„იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი, მარჩელო ლიპი ჩინეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ეს ინფორმაცია ჩინეთის ფეხბურთის ასოციაციამ გაასაჯაროვა.

ლიპიმ აღნიშნული პოსტი მეორედ ჩაიბარა. მარჩელო ჩინეთის ნაკრებს ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა, თუმცა იანვარში აზიის თასზე განცდილი ფიასკოს შემდეგ ნაკრები დატოვა.

71 წლის სპეციალისტი მისმა თანამემამულემ ფაბიო კანავარომ შეცვალა. ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა დატვირთვას ვერ გაუძლო და თანამდებობიდან აპრილში გადადგა. კანავარომ საკუთარი გადაწყვეტილება „გუანჯოუ ევერგრანდის“ გაწვრთნაზე მაქსიმალური კონცენტრაციის მოხდენის სურვილით ახსნა.

ლიპის დამოძღვრილი კოლექტივი პირველ შეხვედრას ივნისში გამართავს. ჩინეთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩებს ტაჯიკეთისა და ფილიპინების წინააღმდეგ ჩაატარებს.

იტალიელი სპეციალისტის პროგრამა მინიმუმი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იქნება. აზიაში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის კენჭისყრა 17 ივლისს გაიმართება. გუნდები კი სანუკვარი საგზურისთვის ბრძოლას სექტემბრიდან დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები