Aa
Aa

კონტე "ინტერში" მიდის

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი, ანტონიო კონტე მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს ჩაიბარებს. გავლენიანი იტალიური გამოცემები Sky Sport italia, La Gazzetta dello Sport, La Republika და Sportitalia იუწყებიან, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ყველაფერი უახლოეს მომავალში გაოფიციალურდება.

კონტე „ნერაძურისთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურების სახით წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს. იტალიელი სპეციალისტი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და თანხმობას იმ შემთხვევაშიც განაცხადებს, თუ „ინტერმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხა.

ბოლო პერიოდში უცხოურ პრესაში კონტეს შესახებ აქტიურად იწერებოდა. ანტონიოს „იუვენტუსის“ მთავარ მწვრთნელობას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა როგორც ჩანს იტალიელმა კარიერის „ინტერში“ გაგრძელება არჩია.

„ნერაძურის“ მომდევნო სეზონისთვის დიდი გეგმები აქვს და კონტეს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. 49 წლის სპეციალისტი მაღალი დონის მწვრთნელია და სერია A-ში მუშაობის გამოცდილება უმაგრებს ზურგს. კონტე 2011-დან 2014 წლამდე „ბებერი ქალბატონის“ დამრიგებელი გახლდათ და ტურინელებთან ერთად „სკუდეტო“ სამჯერ დაისაკუთრა.

კონტეს გაკრვეული მოთხოვნები აქვს. ანტონიოს გუნდის გაძლიერება სურს და „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარების შემდეგ მისი მთავარი სამიზნე „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი, რომელუ ლუკაკუ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები