Aa
Aa

დე ხეა უარზეა - ესპანელი კიპერის გადაბირება "პსჟ-ს" სურს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელმა გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. The Sun-ის ცნობით “წითელმა ეშმაკებმა“ 28 წლის მეკარეს საბოლოო შეთავაზება გაუკეთეს, მაგრამ მისი დაყოლიება ვერ მოახერხეს.

დე ხეას „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „მანჩესტერის“ მესვეურებმა ესპანელს წინადადებით რამდენჯერმე მიმართეს, მაგრამ როგორც ჩანს არაფერი გამოუვიდათ.

28 წლის გოლკიპერს ხელფასის მომატება და კვირაში 350 000 ფუნტის მიღება სურს. „იუნაიტედის“ წარმომადგენლები კი მისთვის ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ და საბოლოოდ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. დე ხეა „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენას აღარ გეგმავს და მისმა გადაწყვეტილებამ ევროპული გრანდების ყურადღება მიიპყრო. ყველაზე დიდ ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენს.

The Sun იუწყება, რომ პარიზელები დავიდის გადაბირებას ზაფხულში შეეცდებიან და „წითელ ეშმაკებს“ დე ხეას სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს შესთავაზებენ. თუ მანჩესტერელებმა ტრანსფერზე უარი განაცხადეს, „პსჟ“ გაისად ესპანელ კიპერს თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმებს.

ასე რომ „იუნაიტედი“ დილემის წინაშე დგას. ბოლო 6 სეზონიდან 4-ში დე ხეა გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თუმცა 2018-19 წლების სეზონში თავი არაფრით გამოუჩენია და საშინელ ფორმაში იმყოფება. საინტერესოა „წითელი ეშმაკები“ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. დე ხეას დონის მეკარის პოვნა ადვილი ნამდვილად არ გახლავთ. თანაც „ოლდ ტრაფორდის“ მკვიდრებს ზაფხულში ისედაც დიდი თანხების დახარჯვა მოუწევთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები