გორგოძე
Aa
Aa

გორგოძე "როლან გაროსს" ჩინელი მეტოქით იწყებს

ეკატერინე გორგოძე საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოხვედრას საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით ეცდება. ქართველი ჩოგბურთელი შესარჩევი სტადიის პირველ მატჩს ჩინელ ლუ ძია-ძინთან 22 მაისს გამართავს.

29 წლის ძია-ძინი ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 186-ე ადგილზეა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბოლო დროს თიხის საფარზე თამაშის პრაქტიკა არ აქვს. ჩინელს გრუნტზე წლევანდელ სეზონში არ უთამაშია, ბოლო 2 წლის განმავლობაში კი მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან მხოლოდ 1 მოიგო.

გორგოძე აზიელის წინააღმდეგ ულაპარაკო ფავორიტად ითვლება და გამარჯვების მშვენიერი შანსი აქვს. თანაც, ეკომ აპრილიდან თიხის საფარზე გადაინაცვლა, რამდენიმე ტურნირზე იასპარეზა და ახლა ნორმალურ ფორმაში იმყოფება.

რაც შეეხება ბადეს, 27 წლის ქართველისთვის შემდეგ მეტოქედ, შესაძლოა, ბეატრის ჰადად მაია ან კატარინა ზავაცკა იქცეს, მე-3 ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, დიდი შანსია, კვალიფიკაციის მე-6 ნომრად განთესილ ამერიკელ კრისტინა მაკჰეილს დაუპირისპირდეს.

შეგახსენებთ, რომ ეკო გორგოძეს დიდი სლემის ტურნირის ძირითად ბადეში არასდროს უთამაშია, მან აგვისტოში ამერიკის ღია პირველობაზე მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე კანადელ ეჟენი ბუშართან წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები