მესის საუკეთესო ასისტენტი - არტურო ვიდალი!
Aa
Aa

მესის საუკეთესო ასისტენტი - არტურო ვიდალი!

2018-2019 წლების საფეხბურთო სეზონი დასასრულს მიუახლოვდა, უშუალოდ ესპანეთის ჩემპიონატი კი გუშინ დამთავრდა, პრესამაც სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა და მათგან განსაკუთრებით საინტერესო ფაქტებზე ყურადღება გაამახვილა.

როგორც აღმოჩნდა, ლიონელ მესისთვის მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორი არტურო ვიდალია, რომელმაც არგენტინელს, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 6 საგოლე გადაცემა მიაწოდა. მათ შორის, "ეიბართან" (2:2) გამართული გუშინდელი მატჩისას. მესისთვის საგოლედ გადაწოდებული ბურთების მიხედვით მეორე ადგილზე ხორდი ალბაა, რომელსაც ვიდალზე 1-ით ნაკლები ასისტი აქვს შესრულებული.

ვიდალმა მიმდინარე სეზონში 52 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგანაც 33 უშუალოდ ლა ლიგაზე მოდის - ჩილელმა ჯამში გაკეთებულ 7 საგოლე პასს, 3 გოლიც მიამატა.

არტურო ვიდალი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ, მიუნხენის "ბაიერნიდან" გადავიდა.

აქვე დავამატოთ, რომ ვიდალს, მესისა და მათ თანაგუნდელებს მიმდინარე სეზონის ბოლო მატჩი 25 მაისს ექნებათ, როცა ესპანეთის თასის სატიტულო შეხვედრაში "ვალენსიას" დაუპირისპირდებიან. თამაში ქალაქ სევილიაში, "ბენიტო ვილამარინის" სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები