ლა ლიგა 2018-2019 -
Aa
Aa

ლა ლიგა 2018-2019 - "ბარსამ" "რეალს" რეკორდული სხვაობით გაუსწრო

ლა ლიგის 2018-2019 წლების გათამაშება „ბარსელონასთვის“ ისტორიული გამოდგა.

გარდა იმისა, რომ კატალონიელებმა ჩემპიონატი ბოლო 11 წელიწადში 8-ჯერ მოიგეს, კლუბმა მოსისხლე მტერს მადრიდის „რეალს“ რეკორდული სხვაობით გაუსწრო და „ლოს ბლანკოსი“ 19 ქულით ჩამოიტოვა.

დღემდე „ბარსას“ „რეალთან“ ყველაზე დიდი ფორა 1984-85 და 2017-18 წლების სეზონებში ჰქონდა დაფიქსირებული, როდესაც მათ მადრიდელების ჩამოტოვება 17 ქულით შეძლეს.

ზინედინ ზიდანის გუნდმა 38-ე ტურში „ბეტისთან“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 0:2 წააგო და სეზონი ზუსტად ისე დაასრულა როგორაც მთელი 8 თვის მანძილზე გამოიყურებოდნენ.

რაც შეეხება „ბარსას“, კატალონიელები ლა ლიგას ვალვერდეს მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით მარტივად იგებენ.

ბასკი სპეციალისტის ხელში „ბარსამ“ უკანასკნელ ორ სეზონში ესპანეთში მხოლოდ 4 მატჩი წააგო.

ხსენებული ოთხი მარცხიდან „ბლაუგრანამ“ 2 იმ მომენტში წააგო, როდესაც უკვე ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა. ანუ გამოდის, რომ გუნდმა რეალურად ორი თამაში წააგო, რომელიც მათთვის რაიმეს ნიშნავდა.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონა“ ვალვერდეს ხელში ლა ლიგის ეგიდით „რეალთან“, „ატლეტიკოსთან“, „სევილიასთან“ და „ვალენსიასთან“ არცერთხელ დამარცხებულა.

მიუხედავად შიდა ასპარეზზე უდიდესი წარმატებისა, ვალვერდეს „ბარსა“ ჩემპიონთა ლიგაზე სამარცხვინოდ გამოდის. გუნდმა ბოლო 2 წელიწადში 3 ბურთიანი ფორა ორჯერ გაანიავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები