Aa
Aa

ორი ოვერტაიმი, დრამატული ფინიში და "ტორონტოს" ტრიუმფი

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში „ტორონტო რეპტორსმა“ პირველი საშინაო მატჩი მოიგო. „სკოტიაბენკ არენაზე“ გამართული შეხვედრა პირველი ორი დაპირისპირებისგან განსხვავებით გაცილებით საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

კანადელებმა კარგად დაიწყეს და დიდ შესვენებაზე 7 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თუმცა მეორე ნახევარში ჩვეულ სტილში ვერ იასპარეზეს და გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის ჩატარება გახდა საჭირო.

„ტორონტოს“ წარმატებაში ლომის წვლილი კავაი ლეონარდს მიუძღვის. „რეპტორსის“ მსუბუქმა ფორვარდმა მეორე ოვერტაიმში 8 ქულა ჩააგდო და გადამწყვეტ მომენტში უმნიშვნელოვანესი ჩაჭრაც გაიფორმა.

კანადურმა გუნდმა 118 – 112 იმარჯვა. კავაიმ კი აქტივში 36 ქულა, 9 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ლეონარდის გარდა ორმაგი დუბლით პასკალ სიაკამი და მარკ გასოლი გამოირჩნენ. მთავარი მოულოდნელობა ნორმან პაუელის კარგი თამაში გახლდათ. ამ უკანასკნელმა პარკეტზე საკმაოდ დიდი დრო გაატარა და 19 ქულა დააგროვა.

„მილუოკის“ რიგებში საუკეთესო ჯორჯ ჰილი იყო, რომელმაც 24 ქულა გაიფორმა. მალკოლმ ბროგდონმა თავი 20 ქულას მოუყარა. „ბაქსის“ ლიდერს, იანის ანტეტოკოუნმპოს თამაში არ წაუვიდა და 12 ქულას დასჯერდა. ბერძენმა 16-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა, ბურთი რვაჯერ დაკარგა და 6 პერსონალური ფოლი მიიღო.

„ტორონტოსა“ და „მილუოკის“ ჯახი 22 მაისს გაგრძელდება. „რეპტორსი“ მეოთხე შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავს და სერიაში ანგარიშის გათანაბრების კარგი შანსი ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები