კაზორლა:''ნაკრებში დაბრუნებას ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი''
Aa
Aa

კაზორლა:''ნაკრებში დაბრუნებას ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი''

''ვილიარეალის'' 34 წლის ფეხბურთელი სანტი კაზორლა ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დააბრუნეს. ფეხბურთელი აღნიშნული ფაქტით გაოცებულია, რაც ესპანურ მედიასთან საუბარში არ დამალა.

სანტი კაზორლა:''არ გტოვებს ოცნება, რომ ერთ დღეს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდები, თუმცა ორწლიანი პაუზის დროს გადატანილი ტრავმების შემდეგ ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ოდესმე კვლავ მიმიწვევდნენ ეროვნულ გუნდში. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა და რთულ მომენტებში მეხმარებოდა.

ეროვნულ ნაკრებში მიწვევის ამბავი თანაგუნდელებისგან გავიგე. სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ თანაგუნდელები საუბრობდნენ და ჩემი სახელი გავიგე, თუმცა წარმოდგენა არ მქონდა რას გულისხმობდნენ. ყველაფერი მაშინ გავაანალიზე, როცა თანაკლუბელებმა ნაკრებში მიწვევა მომილოცეს.

ვგეგმავ ეროვნულ გუნდში ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები წარმოვაჩინო, რასაც ეროვნულ ნაკრებში ყოველთვის ვახერხებდი.

ეროვნულ ნაკრებში მიწვევას არ ველოდი, დაუჯერებელია. მძიმე ტრავმების შემდეგ უმაღლეს დონეზე დაბრუნება ძალიან რთული იყო. ვიცოდი რომ თუნდაც ასაკიდან გამომდინარე ნაკრებში თამაში რთული იქნებოდა.

მადლობა თანაგუნდელებსა და სამწვრთნელო შტაბს, ვინც დამეხმარა კვლავ უმაღლეს დონეზე მეთამაშა. ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ესპანეთის ნაკრებში დავბრუნდებოდი. ამ სასიამოვნო ფაქტის გამო ბევრი მილოცვა მივიღე, თუმცა ჯერ პასუხების გაცემა ვერ მოვასწარი. ემოციებში ვარ, დიდი მადლობა სამედიცინო შტაბს, რომლის თითოეული წევრი ძალიან დამეხმარა.''

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 23-კაციან განაცხადში სანტი კაზორლა შეიყვანა. 34 წლის კაზორლას ტრავმების გამო ხანგრძლივი პერიოდი გაუცდა, შემდეგ ''არსენალიდან'' ''ვილიარეალში'' დაბრუნდა და ესპანური კლუბის ერთ-ერთ ლიდერად იქცა, რასაც ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მოჰყვა. მიმდინარე სეზონში კაზორლამ ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები