ქეცბაია:''ასეთ ვითარებაში პირველად არ ვარ, ტურისტები არ მჭირდება''
Aa
Aa

ქეცბაია:''ასეთ ვითარებაში პირველად არ ვარ, ტურისტები არ მჭირდება''

კვიპროსულმა საფეხბურთო კლუბმა ''ანორთოსისმა'' მთავარ მწვრთნელად ქართველი თემურ ქეცბაია წარადგინა. 51 წლის სპეციალისტი კლუბში ათწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

კვიპროსული მედია თემურ ქეცბაიას კომენტარს ავრცელებს, რომელიც ''ნიუკასლის'' ყოფილმა ფორვარდმა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

''თითოეული მატჩის მოგება მსურს. ვცდილობთ ძლიერი გუნდი შევქმნათ, მოვიყვანოთ ფეხბურთელები, რომლებიც რეალურად გაგვაძლიერებენ. არ ვაპირებთ ყველა ფეხბურთელის გაშვებას, რადგან გუნდს უკვე აქვს საძირკველი, რაზეც ჩვენი გუნდი აშენდება.

14-15 წლის წინ იდენტური პრობლემების წინაშე ვიდექით. აქ მხოლოდ სამსახურისთვის არ მოვსულვარ, ჩემი სამწვრთნელო მიზნები მაქვს.

არასდროს ვცდილობდი სახელოვანი ფეხბურთელების გადმობირებას, ყოველთვის მსურდა გუნდში იმ ფეხბურთელების მოწვევა, რომელთაც გამარჯვების წყურვილი ჰქონდათ. ფეხბურთელები ტურისტების როლში არ მჭირდება. მხოლოდ იმ ფეხბურთელებით ვინტერესდები, რომლებიც გუნდს კარგად შეეწყობიან, რეალურად გააძლიერებენ და მათში გამარჯვების წყურვილს დავინახავ.

წნეხი ყოველთვის არსებობს. როგორც უკვე ვთქვი, მუშაობა არ მინდა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ვმუშაობ, ჩემი მიზანი გამარჯვებაა. სეზონის მეორე ნახევრის მიუხედავად დიდ გუნდში მოვედი. ჩემი მიზნები დაფარული არაა, ჩემპიონობა და თასის მოპოვება გვსურს. ყოველ სეზონში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

''ანორთოსისის'' თამაშს ყოველთვის თვალს ვადევნებდი და ვიცი რისი შეცვლაა აუცილებელი, რაც შემდგომში წარმატებას მოიტანს.

ასეთ სიტუაციაში პირველად არ ვარ. ასე იყო 2004-05 წლებში, თუმცა შემდგომში ''ანორთოსისი'' კვიპროსის ყველა დროის საუკეთესო გუნდი გახდა.

სამწუხაროა, რომ ახალ სეზონში ევროტურნირზე ვერ ვითამაშებთ, თუმცა გუნდის შენებას ვიწყებთ, რაც ძალიან კარგია. იმედი მაქვს გამოგვივა. წარმატების მისაღწევად ყველა პირობა გვაქვს.''

კვიპროსული მედიის ცნობით ქეცბაიას გუნდში ახალ სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ლორია ითამაშებენ.

ფეხბურთელობისას ქეცბაიას პირველი უცხოური კლუბი სწორედ ''ანორთოსისი'' იყო. ფეხბურთელი კვიპროსული კლუბის ღირსებას 1992-94 წლებში იცავდა. ამ პერიოდში ქეცბაიამ არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი ტურინის ''იუვენტუსის'' კარში შეგდებული ბრწყინვალე გოლია.

ბრიტანული კარიერის შემდეგ 2002 წელს ქეცბაია ''ანორთოსისს'' უბრუნდება, სადაც 2006 წელს ფეხბურთელის კარიერას ასრულებს, თუმცა 2003-06 წლებში ე.წ. მოთამაშე-მწვრთნელის როლში გვევლინება, რაც თანამედროვე ფეხბურთში ძალიან იშვიათი მოვლენაა.

2008-09 წლების სეზონში ქეცბაიას გაწვრთნილმა ''ანორთოსისმა'' ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. შემდგომში მისი ხელმძღვანელობით კიდევ ერთი გუნდი, პირეოსის ''ოლიმპიაკოსი'' მოხვდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ჩემპიონთა ლიგაზე გუნდი სხვა ქართველ მწვრთნელს არ გაუყვანია, ქეცბაიას შედეგი ქართველთა შორის განუმეორებელია.

ის ასევე წვრთნიდა  საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ''აპოელს,'' ათენის აეკ-ს. 2017 წლის ივლისში ქართველი მწვრთნელი რუსეთის რანგით მეორე ლიგის ''ორენბურგს'' სათავეში ჩაუდგა, თუმცა წარუმატებელი ასპარეზობის გამო ამავე წლის აგვისტოში გუნდი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები