Aa
Aa

მძიმე ბრძოლა და ტოჩინოშინის მეექვსე გამარჯვება

ლევან გორგაძე „ნაცუ ბაშოზე“ ბრწყინვალედ ასპარეზობს. ჩვენებურს ფეხი აღარ აწუხებს და ოპონენტებს მისი შეჩერება ძალიან უჭირთ. საბედნიეროდ გამონაკლისი არც დღევანდელი ჯახი ყოფილა.

ტურნირის რიგით მეექვსე დღეს ტოჩინოშინი დოჰიოზე სეკივაკეს წოდების მქონე იჩინოჯოს წინააღმდეგ გავიდა. ლევანი მას მშვენივრად იცნობს და მისი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ ყველაფერი მოეხსენება. გორგაძეს იჩინოჯოსთან 2018 წლის შემდეგ არ წაუგია და მონღოლმა გიგანტმა ნავსის გატეხვა ვერ მოახერხა.

ბრძოლა საკმაოდ მძიმე გამოდგა და უჩვეულოდ დიდხანს გასტანა. ორივე რიკიშის მავაში ჰქონდა აღებული და როგორც მოგეხსენებათ ამ მდგომარეობაში ქართველს დღესდღეობით ვერავინ სჯობნის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა!

ხვალ ტოჩინოშინი დასავლეთის პირველ მაეგაშირას, კოტოშოგიკუს დაუპირისპირდება. იაპონელ სუმოისტს მიმდინარე ტურნირზე 6 ბრძოლიდან 4 აქვს აქვს წაგებული და ლევანთან გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გააკეთებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კოტოშოგიკუს გორგაძესთან დადებითი ბალანსი აქვს და ქართველს 33-დან 24-ჯერ სძლია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბოლო ოთხი დაპირისპირება ტოჩინოშინის ტრიუმფით დასრულდა.

ცხელი ამბები