რატომაა ანტუან გრიზმანის გაფორმება „ბარსელონასთვის“ დიდი რისკი?
Aa
Aa

რატომაა ანტუან გრიზმანის გაფორმება „ბარსელონასთვის“ დიდი რისკი?

ცოტა ხნის წინ მადრიდის „ატლეტიკოს“ სუპერვარსკლავმა, ანტუან გრიზმანმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. ფრანგ ფეხბურთელს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს და დიდი ალბათობით "ბარსელონაში" გადავა.

შარშან გრიზმანმა „როხიბლანკოსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და მისი გამოსასყიდი თანხა 108 მილიონ ფუნტს შეადგენს. თუმცა „ბლაუგრანა“ უკან დახევას არ აპირებს და ანტუანის ტრანსფერის გასაჩარხად მაქსიმუმს გააკეთებს.

გრიზმანი თავის პოზიციაზე დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ საფეხბურთო ექსპერტთა უმრავლესობის აზრით "ბარსასთვის" მისი გადაბირება სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული.

ერნესტო ვალვერდეს თავსატეხი

"კამპ ნოუზე" გრიზმანის გადასვლა ერნესტო ვალვერდესთვის ურთულესი გამოწვევა იქნება. განსაკუთრებით ტაქტიკური გადმოსახედიდან. ფრანგი შემტევი კრეატიული ფეხბურთელია, დამაგვირგვინებელ ფაზაში შესანიშნავად მოქმედებს, ცაციაა და გოლების შორეული მანძილიდან გატანა შეუძლია. ანტუანი ყველაზე პროდუქტიული მაშინაა, როცა 9 ნომრის უკან გახლავთ გამწესებული, სრული თავისუფლება აქვს და მატჩის მიმდინარეობისას ცენტრიდან მარჯვენა ფლანგისკენ იწევს, ან პირიქით. რამე ხომ არ გეცნობათ? ალბათ მიხვდებოდით ვისზეცაა საუბარი. 

სათამაშო სქემის შემუშავება, რომელშიც მესი და გრიზმანი ერთმანეთს იდეალურად გაუგებენ და ჩვეულ თამაშს აჩვენებენ, ურთულესი ამოცანაა. ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად დათმობებზე უნდა წავიდეს, მაგრამ საკითხავია გაამართლებს კი ეს ყველაფერი?

„ატლეტიკოში“ გრიზმანი ცენტრფორვარდის უკან ასპარეზობდა და მეორე თავდამსხმელის ფუნქციებს ითავსებდა. ერნესტო ვალვერდეს „ბარსელონა“ "როხიბლანკოს" მსგავს 4-4-2-ს იყენებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ლუის სუარესის უკან არსებული სივრცე ლიონელ მესის ეკუთვნის! რაც შეეხება "ბლაუგრანას" ტრადიციულ 4-3-3-ს, ამ ტაქტიკაში ვალვერდეს შეუძლია ანტუანი მარცხენა ფლანგზე გადაწიოს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს კარგს არაფერს მოიტანს. მართალია, 28 წლის ფეხბურთელი „სოსიედადში“ ყოფნისას მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გამოდიოდა, მაგრამ მალევე დაამტკიცა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია და მისი ვინგერად გამწესება აღარავის უცდია. ფრანგი "ბარსაში" გარემარბის პოზიციას რომ დაუბრუნდეს ბევრი გოლის გატანას  ვეღარ შეძლებს და არავინ იცის გუნდს როგორ მოერგება.

გრიზმანის კარიერაში იყო მომენტი, როცა „ატლეტიკოში“ და საფრანგეთის ნაკრებში 4-3-3 სქემაში მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობდა, თუმცა ორი აზრი არაა, რომ ცენტრალურ ნაწილში უფრო ეფექტურია. თანაც „ბარსელონაში“ ამ პოზიციას ლიონელ მესი იკავებს (იკავებს ხმამაღალი ნათქვამია, მესი ფაქტობრივად ყველგანაა, მაგრამ გრიზმანს რომ ამ პოზიციის დასაკუთრება ძალიან გაუჭირდება, ყველასთვის ცხადია).

ერთადერთი ვარიანტი სუარესის გრიზმანით ჩანაცვლებაა, მაგრამ პრობლემა ის გახლავთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი გაცილებით პროდუქტიული მაშინაა, როცა 9 ნომრის უკან თამაშობს (ალვარო მორატას და დიეგო კოშტას სტილის ფეხბურთელების უკან) და არა 9 ნომერზე!

ფინანსური მხარე

კიდევ ერთი დაბრკოლება გრიზმანის გამოსასყიდი თანხაა. ფრანგის ტრანსფერის გასაჩარხად „ბარსელონას“ სერიოზული ფინანსური რესურსის გაღება მოუწევს. ამას ფეხბურთელის ხელფასიც ემატება, ასე რომ ყველაფერი ისე მარტივად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

გრიზმანის შეძენის შემთხვევაში ალბათ კოუტინიოს და მალკომს გაუშვებენ. სავარაუდოდ მათი მსურველი კლუბის მოძებნას „ბარსელონა“ ზაფხულში შეეცდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანტუანის შეძენის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილს უსმანე დემბელე ან ლუის სუარესი დაკარგავს.

ფინანსური და ტაქტიკური სირთულეებიდან გამომდინარე შესაძლოა კატალონიელებმა უკან დაიხიონ და სხვა ტიპის ფორვარდზე შეაჩერონ არჩევანი. მაგალითისთვის შეგვიძლია ალექსანდრ ლაკაზეტი მოვიყვანოთ. ფრანგი თავდამსხმელი „ბარსასთვის“ მშვენიერი ვარიანტია და სუარესს ღირსეულად შეცვლის. თანაც „ბლაუგრანას“ მისი შეძენა გაცილებით ნაკლები დაუჯდება და მატიის დე ლიხტისთვის საჭირო ფინანსებიც დარჩება.

გამოსავალი?

ტაქტიკურ მონახაზთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვის ნიშნების მიუხედავად ერთი რამის თქმა შეიძლება - თუ გრიზმანი "ბარსელონას" იდეალურად მოერგო, "ბლაუგრანას" შეჩერება ურთულესი იქნება.

ბევრი რამ ერნესტო ვალვერდეზეა დამოკიდებული. თუ ესპანელმა სპეციალისტმა შეძლო სისტემის პოვნა, რომელშიც გრიზმანი საკუთარი პოტენციალის გამოვლენას ისე მოახერხებს, რომ მესის ხელი არ შეუშალოს, "ბარსელონა" მრისხანე გუნდად იქცევა! საუკეთესო გამოსავალი ალბათ ასეთია - გრიზმანი დავიდ ვილას მსგავსად ინსაიდ ფორვარდის პოზიციას დაიკავებს, ხოლო მესი ცრუ ცხრიანს დაუბრუნდება. ამ განლაგების მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ სუარესის ადგილი აღარ რჩება, არადა ურუგვაელი "ბლაუგრანას" ერთ-ერთი ლიდერია.

ლეო მესი ზაფხულში 32 წლის ხდება. „ბარსელონა“ კი რაც დრო გადის, არგენტინელ გენიოსზე უფრო და უფრო მეტადაა დამოკიდებული. მიმდინარე სეზონში ლიონელმა „კამპ ნოუს" ბინადრების მიერ გატანილი გოლების 54 პროცენტში მიიღო მონაწილეობა. მესის მატჩის ჩაგდების უფლება არ აქვს. "ლივერპულთან" ჯახი იდეალური მაგალითია! არგენტინელს თამაში არ წაუვიდა და „ბარსელონამ“ სრული ფიასკო განიცადა. „რომასთან“ დაპირისპირების გახსენება არც ღირს!

ორი აზრი არაა, რომ ლაკაზეტი ლეოს უდიდეს დახმარებას გაუწევს. ფრანგი რამდენიმე გოლს თავად შეაგდებს და მესი მეტოქე გუნდების კარის აღებაზე ნაკლებად იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება გრიზმანს, ანტუანი გუნდს კრეატივს შემატებს და „ბარსელონას“ შეტევები ერთიორად სახიფათო გახდება. იმ მომენტში, როცა მესი ფონს გასვლას ვერ მოახერხებს, რაც იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, საქმეში გრიზმანი ჩაერთვება!

ანტუანის ტრანსფერი „ბარსელონასთვის“ დიდი რისკია. თუმცა თუ „ბლაუგრანას გაუმართლა მომდევნო სეზონში ევროპული ფეხბურთის გრანდებს შიშის ზარს დასცემს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები