შედეგში გაცვლილი სახე - უსულოდ დარჩენილი ბარსა, რომელიც
Aa
Aa

შედეგში გაცვლილი სახე - უსულოდ დარჩენილი ბარსა, რომელიც "ლუზერად" ყალიბდება

სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელი ბურთს საშუალოდ 3 წუთის განმავლობაში ფლობს.

ასე, რომ მთავარია, რას აკეთებთ თქვენ უბურთოდ ყოფნის 87 წუთის განმავლობაში. სწორედ ეს განსაზღვრავს იმას, ხარ თუ არა კარგი მოთამაშე.” - ეს სიტყვები იოჰან კრუიფს ეკუთვნის.

„ბარსელონამ“ „ენფილდზე“ ბურთის ფლობის დროს საკმაოდ კარგი და რეალური მომენტები შექმნა, თუმცა მათი გამოყენება ვერ შეძლო.

რაც შეეხება კრუიფის ამ ფრაზის მთავარ არსს - ვალვერდეს გუნდი უბურთოდ უბრალოდ საშინლად გამოიყურებოდა.

„ბარსამ“ უკვე მე-2 წელია რაც კრუიფის გზას გადაუხვია და რაღაც დაკომპლექსებულ, ანგარიშის შენარჩუნებაზე მოთამაშე კლუბს დაემსგავსა.

„ეს არის, რაც არის“...

მიუხედავად ყველაფრისა ვალვერდეს წელს ტრებლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა, საამისოდ „ენფილდზე“ სამიდან 1 მომენტის გამოყენებაც კი საკმარისი იყო.

მაგრამ-ს, თუ-ს და რომ-ს ფეხბურთში არაფერი ესამქება. ტაბლოზე ანგარიში ფიქსირდება, ან არ ფიქსირდება, გოლი გადის, ან არ გადის. ასე, რომ ეს გამამართლებელ მიზეზად ვერ გამოდგება.

"ენფილდზე" მომენტები გვქონდა და ვფიქრობ უნდა გაგვეტანა. მეტოქის პირველმა ორმა გოლმა ძირს დაგვცა. ეს არის, რაც არის“.

ასეთი რამ თქვა ვალვერდემ ინგლისში სამარცხვინოდ წაგებული მატჩის შემდეგ, რომელსაც რამდენიმე დღის შემდეგ ბასკი სპეციალისტის სახლის გაძარცვა მოჰყვა.

მძარცველებმა ვალვერდეს წერილი დაუტოვს - "ეს არის, რაც არის." ზუსტად ეს სიტყვები, რომელიც მან „ლივერპულთან“ მატჩის შემდგომ პრეკონფერენციაზე წარმოთქვა.

„ბარსელონა“ ნელ-ნელა სახეს კარგავს და ამას მისი მილიონობით გულშემატკივარიც ხედავს. მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. როდის და რა ფორმით დაიწყო გუნდის ნგრევა.

სტილი, ისტორია, ის რის გამოც ხალხს „ბარსა“ უყვარს - შედეგში გაცვლილი სახე

გუნდში ვალვერდეს დანიშვნა ქომაგების დიდ ნაწილს თავიდანვე არ ესიამოვნა, თუმცა რაც იყო იყო და ხალხი ამას ნელ-ნელა შეეგუა.

ვალვერდემ მოსვლის დღიდანვე პრაგმატული სტილი დანერგა და ტრადიციულ 4-3-3-ზე უარი თქვა, რომელიც მძიმე 4-4-2-ით ჩაანაცვლა.

„ბარსა“ ჯერ ნეიმარმა დატოვა, ერთი სეზონის შემდეგ ინიესტაც წავიდა, რომელიც ბოლო წლებში ისეთი ეფექტური ვეღარ იყო.

„ბარსამ“ დანაკლისი შესაბამისად ვერ აინაზღაურა. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, რომ ვალვერდემ გუნდში ყველანაირი როლი მესის მოარგო.

ბასკმა სპეციალისტმა გუნდის სათამაშო სქემა ისე ააგო, რომ თუ მესის თამაში არ წაუვიდოდა ეს შედეგზე პირდაპირ გავლენას ახდენდა.

ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ გუნდის საქმეები კარგად არ წავიდოდა. მესის ასაკი ემატება და ამავდროულად გუნდი მასზე დამოკიდებული სულ უფრო მეტად ხდება, არადა წესით პირიქით უნდა ხდებოდეს.

„ბარსელონამ“ 1 და 2 ბურთიანი ფორის დროს თამაში ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო, რაც მათი სტილი არ არის და ბუნებრივია ეს გუნდის თამაშზეც აისახა.

ტრიბუნებზე ხალხის რაოდენობამ იკლო. ბოლო 2 წელიწადში „კამპ ნოუზე“ რეკორდულად დაბალი საშუალო მაჩვენებელი დაფიქსირდა და ეს ბუნებრივია ვალვერდეს სტილის „დამსახურება“ არის.

დიახ, კატალონიელები ლა ლიგას ნებისმიერი მწვრთნელის ხელშიც მარტივად იგებენ, თუმცა სულ სხვაგვარად არის საქმე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც სხვაგვარად თამაშია საჭირო.

ვალვერდემ გუნდს სახე დაუკარგა, რამაც ხასიათისა და მენტალიტეტის შესუსტება გამოიწვია.

გუნდი ჩემპოიონატში მარტივ მოგებებს შეეჩვია. მსგავსი ხდებოდა ჩემპიონთა ლიგაზეც, სადამდეც შესაძლებელი იყო.

„ბარსამ“ ადვილად მოუგო „რომასაც“, ადვილად მოუგო ლივერპულსაც. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ გუნდი არაფრისგან უდიდეს ჰანდიკაპს იღებდა.

ეს ყველაფერი „ბლაუგრანას“ ლა ლიგიდან გადმოჰყვა. როდესაც იდეალურად დალაგებულ გეგმას ბზარი გაუჩნდა და ფეხბურთელებმა ზეწოლა იგრძნეს, ვალვერდეს არ აღმოაჩნდა სათადარიგო გეგმა, რომელიც ქაოსიდან გამოსავალს მოძებნიდა.

ზედიზედ ორი სეზონი „ბარსამ“ 3 ბურთიანი ფორა ხელიდან გაუშვა და მთელმა გუნდმა, მთელმა კლუბმა ამ სამარცხვინო წაგებებში საგანგაშო ვერაფერი დაინახა. მათ ფაქტი ჩვეულებრივად მიიღეს.

პსჟ არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ დაკარგა გუნდმა რწმენა და როგორ იქცა მშიშარა კოლექტივად, რომელსაც საკუთარი თავის არ სჯერა და რომელიც ოდნავი ზეწოლის დროს ფარ-ხმალს ყრის. „ბარსა“ ნელ-ნელა ასეთ გუნდად ყალიბდება და ეს ვალვერდეს სტილიდან, მიდგომიდან გამომდინარე ხდება.

უაზროდ დაკომპლექტებული გუნდი და მწვრთნელის გაუგებარი ნაბიჯები

ვალვერდემ, რომ ყველანაირი როლი მესის მოარგო ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ. კლუბმა ბოლო წლებში უაზრო სატრანსფერო პოლიტიკა აწარმოა.

კოუტინიოსა და დემბელეს ტრანსფერები ამ ყველაფერს ამტკიცებს. ახალგაზრდა ფრანგის სანაცვლოდ „ბარსამ“ 100 მილიონზე მეტი გადაიხადა და როგორც აღმოჩნდა ფეხბურთელი ტრავმებისკენ არის მიდრეკილი.

დემბელემ ორივე სეზონის პრაქტიკულად ნახევარი ლაზარეთში გაატარა, ხოლო მეორე ნახევრის დიდი დრო ფორმის აღდგენას დაუთმო. კლუბმა აქაც იზარალა.

რაც შეეხება კოუტინიოს. თავიდანვე გამოჩნდა, რომ ფელიპე 4-3-3-ში ინიესტას როლს ვერ მოირგებდა, რადგან ის იმ თვისებებს არ ფლობდა, რომელიც მას სიღრმიდან დინჯად და დამაჯერებლად თამაშს შეაძლებინებდა.

კოუტინიომ ვერც ნეიმარის პოზიციაზე გაამართლა. საბოლოოდ მივიღეთ ასეთი სიტუაცია - გუნდი ან ფეხბურთელს უნდა დაეტოვებინა, ან მწვრთნელს.

წარმოუდგენელია, რომ 160 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელი ოდნავადაც ვერ გამოიყენო და წელიწადნახევარში გაყიდო. ახლა ყველაფერი ამ მიმართულებით მიდის და დიდი ალბათობით კოუტინიო ტრანსფერზე დადგება.

რაც შეეხება „ელ პისტოლეროს“ უკანასკნელ ორ სეზონში ლუის სუარესი თავისი თავის აჩრდილი გახდა. ჩვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტებმა კი გუნდი მხოლოდ მესის იმედად დატოვა, რასაც ხელი მწვრთნელის ტაქტიკამაც შეუწყო.

რატომ წააგო ბარსამ ენფილდზე? ორჯერ ორი, რომელიც ვალვერდემ ვერ გამოიცნო

„ლივერპულთან“ „კამპ ნოუზე“ „ბარსამ“ კარგად ნამდვილად ვერ ითამაშა. ინგლისელები უკეთ გამოიყურებოდნენ. ვალვერდე შეცდა, როდესაც კლოპის მძიმე 4-4-2-ს 4-3-3 დაუპირისპირა.

„ბარსას“ გაუმართლა, გუნდი დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო. „მერსისაიდელებმა“ თავიანთი მომენტები ვერ გამოიყენეს.

მეორე ნახევარში ვალვერდემ მოედნიდან მუდამ ინერტული კოუტინიო გაიყვანა და ნელსონ სემედუ შეუშვა. ამ ცვლილებას სერხი რობერტოს ნახევარდაცვაში აწევა მოჰყვა და „ბარსა“ 4-4-2-ზე გადაეწყო.

ამ მომენტიდან მოყოლებული კატალონიელებმა მატჩის სადავეები ხელთ იგდეს და „ლივერპულის“ მომენტებმაც იკლო.

ამ ცვლილების შემდეგ „ბარსამ“ ორთაბრძოლების მოგება დაიწყო, ბურთიც უფრო ხშირად რჩებოდათ და ლეო მესის მოედნის ცენტრში მეტი სივრცე შეექმნა, რამაც მეორე გოლი შექმნა.

შემდეგ იყო მესამე, რომელიც თავიდან ბოლომდე არგენტინელის დამსახურება იყო, თუმცა გუნდმა და მათ შორის მესიმაც თამაშში გარდატეხა სწორედ ვალვერდეს ცვლილების შემდეგ შეიტანა. მწვრთნელს ამ დამსახურებას ნამდვილად ვერ დავუკარგავთ.

ერთი კვირის შემდეგ „ენფილდზე“ ვალვერდემ ბავშვური შეცდომა დაუშვა. დიახ, კლოპს სალაჰი და ფირმინო აკლდა, თუმცა მიუხედავად ამ პრობლემებისა ვალვერდეს არ უნდა გაერისკა და კვლავ 4-4-2-ით უნდა დაეწყო.

„ბლაუგრანა“ ზუსტად იდენტური თერთმეტეულით მოქმედებდა, რითიც კლოპმა ისარგებლა და ანგარიშიც მალევე გახსნა.

„მერსისაიდელებმა“ გარისკეს და მათ გაუმართლათ კიდეც, რადგან „ბარსამ“ ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენა.

ამის შემდეგ მოხდა ის, რაც ვალვერდეს ხშირად მოსდის ხოლმე. „ლივერპულმა“ სიტუაცია იგრძნო და ვითარებაში მალევე გაერკვა. მეორე ტაიმის სტარტზე მასპინძლებმა მეორე გაიტანეს, რასაც მალე მესამეც მოჰყვა.

ამ დროს ვალვერდემ ზუსტად ის შეცდომა დაუშვა რაც რომში ერთი წლის წინ. 0-2-ის დროს მან მოედნიდან ინიესტა გაიყვანა და ანდრე გომეში შეუშვა, რათა გუნდს ზონების დაკეტვა და პრესინგის თამაში გამარტივებოდა. ამ ნაბიჯს კი „რომას“ მე-3 გოლი მოჰყვა.

ამჯერადაც 0-3-ის დროს ვალვერდემ გუნდი 4-4-2-ზე გადააწყო, რაც იმ მომენტისთვის უკვე შეცდომა იყო. მატჩი, რომ ასე დაეწყო ეს სწორი იქნებოდა, რადგან „ლივერპული“ ნაკლებ სივრცეს მიიღებდა და მომენტებსაც ნაკლებად შექმნიდა.

0-3-ის დროს კი გუნდს მოედანზე შემტევი სჭირდებოდა და არა ერთით მეტი ნახევარმცველი. ეს ცვლილება იყო პანიკის ნიადაგზე გაკეთბული არჩევანი. როდესაც ერთ შეცდომას ორჯერ უშვებ ესეიგი ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვს და წნეხთან გამკლავება არ შეგიძლია.

შეშინებული ვალვერდეს ცვლილებას „ბარსას“ კარში მე-4 გოლი მოჰყვა, რის შემდეგაც ბასკმა მოედანზე მალკომი შეუშვა.

ეს უკვე პანიკის ბოლო ფაზა იყო. როდესაც მთელი სეზონი ფეხბურთელს არ ენდობი და „ეიბართანაც“ კი მას შანსს არ აძლევ, შემდეგ კი წლის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში „ენფილდზე“ გადამწყვეტ მომენტში შეგყავს, ეს ადასტურებს იმას, რომ შენ უბრალოდ ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ ხარ და უმაღლეს ლიგაში შენი ადგილი არ არის.

„ენფილდზე“ კოუტინიოს საერთოდ არ უნდა ეთამაშა. ბრაზილიელი მთელი წელი შეშინებული ბავშვის სახით თამაშობს და მოედანზე საერთოდ ვერაფერს ქმნის. აშკარაა, რომ მას ფისქოლოგიური პრობლემები აქვს.

ასეთ დროს, ყოფილი გუნდის წინააღმდეგ სტუმრად მისი გამოყენება უდიდესი შეცდომა იყო.

მატჩი ჩააგდო რაკიტიჩმაც, რომლის შეცვლა ვალვერდემ ძალიან დააგვიანა. თამაშში არტურის ჩართვაც დაგვიანებული ნაბიჯი იყო.

საით მიდის „ბარსა“ და რა სჭირდება გუნდს ჭაობიდან ამოსასვლელად

გასაკვირია, მაგრამ ფაქტია კლუბი ვალვერდეს გაშვებას არ გეგმავს. ანუ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მიჯრით ორჯერ 4-1-იდან და 3-0-იდან მოგებული შეხვედრების წაგება ვითომ არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი ბევრ არაფერზე მეტყველებს და სიტუაცია გამოსწორებადია.

რთული სათქმელია რატომ ხდება ეს „ბარსელონაში“, რადგან ქომაგების 90%-ზე მეტი თვლის, რომ მწვრთნელი და პლუს რამდენიმე მოთამაშეც გუნდიდან გასაშვებია.

„ბარსას“ სჭირდება ახალი სისხლი, ახალი სახეები და რაც მთავარია ახალი მწვრთნელი, რომელიც კრუიფის ფილოსოფიას დააბრუნებს.

მალე მესი 32 წლის გახდება და არამგონია მან თამაში გააუმჯობესოს. დიახ, ლეო უცხოპლანეტელის მცნებასთან ალბათ დედამიწაზე მყოფ ადამიანებს შორის ყველაზე ახლოსაა, მაგრამ საბოლოოდ ისიც ადამიანია, მის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი და არ შეიძლება ყველაფერი მან გადაწყვიტოს.

სეზონის მსვლელობისას მესისაც უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ოდნავ მოდუნდეს, მოეშვას და ცოტათი შეისვენოს, მაგრამ ამ დროს გუნდი არ უნდა ჩამოიშალოს.

არ შეიძლება განაცხადში უამრავი ცენტრალური ნახევარმცველი გყავდეს, რომელთაგან შემტევი არცერთია. არ შეიძლება თავდასხმაში მყოფი 6 ფეხბურთელიდან 2-ს საერთოდ არ ათამაშებდე, 1 მუდამ ტრავმირებული იყოს, 1-ს თამაში მთელი წელი არ მისდიოდეს და მხოლოდ იმ დარჩენილი 2-ის იმედად იყო.

ჩემპიონთა ლიგის მოგებას სხვა მუხტი სჭირდება, სხვა მიდგომა სჭირდება. ეს საპლეიოფო სისტემაა და 1 კვირაში ორი მატჩის ჩატარება გიწევს, რომელთაგან ორივეში მოსაგებად უნდა ითამაშო და მხოლოდ ასე შეძლებ მიზნამდე მისვლას.

მოდი ერთს მოვიგებ და მეორე შეხვედრაში დავდგები, შანსს დაველოდები, დროს გავიყვან - ასე ჩემპიონთა ლიგაზე არ ხდება. ეს სხვა დონეა და ამ დონეს ვალვერდე ვერ აკმაყოფილებს.

„ბარსელონა“ ხალხს სხვა რამის გამო უყვარს და ამ სიყვარულს შედეგებით ვერ იყიდი. საამისოდ მხოლოდ ტაბლოზე დაფიქსირებული სასურველი ფიცრები ვერ დაგეხმარება.

„ბარსა“ ამჟამად უსულოდ არის, სახე აქვს დაკარგული, გუნდს სულში ჩააფურთხეს და შემდეგ თქვეს, რომ "ეს არის, რაც არის“-ო.

ფეხბურთი ძალიან ღრმა და კონკრეტული თამაშია. არსებობს ლამაზი სტილი და პრაგმატული სტილი, არსებობს გატანილი გოლი და გაფუჭებული მომენტი, არსებობს ტაბლო, რომელზეც ან სასურველი შედეგი წერია, ან არასასურველი. აქ არ არსებობს არანაირი მაგრამ, რომ, თუ და ა.შ.

ფაქტია, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო შედეგი ზედიზედ ორჯერ დაფიქსირდა და ამაში კლუბთან ერთად ბევრი მოთამაშეც საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ვინც ასე თვლის, ალბათ იმ „ბარსას“ იმსახურებს, როგორიც ბოლო 2 წელია არის... სახედაკარგული მშიშრების კრებულს!

მოამზადა მამუკა კუკულაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები