Diario Gol - გუარდიოლას აგუეროს გაშვება და ნეიმარის შეძენა სურს
Aa
Aa

Diario Gol - გუარდიოლას აგუეროს გაშვება და ნეიმარის შეძენა სურს

გავლენიანი გამოცემა Diario Gol საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ესპანური ტაბლოიდის თქმით „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი, პეპ გუარდიოლა კუნ აგუეროს გასხვისებას გეგმავს და მის ნაცვლად გუნდში ნეიმარის მიყვანა სურს.

როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე სეზონში „ქალაქელებმა“ პრემიერ ლიგის ჩემპიონობა დაისაკუთრეს და წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი სწორედ არგენტინელი თავდამსხმელი გახლდათ. აგუერომ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში 21 გოლი შეაგდო და ობამეიანგი, სალაჰი, მანეს ტრიოს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩა.

აგუერო 30 წლისაა და გუარდიოლას მიაჩნია, რომ ადრე თუ გვიან მისი გაშვება მოუწევს. როგორც ირკვევა პეპს სურს მომენტი მაქსიმალურად გამოიყენოს და ნეიმარის ტრანსფერის ვარიანტს აქტიურად განიხილავს. Diario Gol-ის მიხედვით აგუეროს გადაბირებით „პსჟ-ც“ დაინტერესებულია. ფრანგული კლუბი ასაკში შესული ედინსონ კავანის შემცვლელს ეძებს.

ესპანური გამოცემა იუწყება, რომ „პსჟ-ს“ მესვეურები აგუერო-ნეიმარის გაცვლასაც განიხილავენ და მზად არიან ტრანსფერზე თანხმობა განაცხადონ, თუ არგენტინელ ფორვარდთან „სიტი“ 140 მილიონ ევროს გაიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები