ძირეული ცვლილებები
Aa
Aa

ძირეული ცვლილებები "ბარსაში" - ვალვერდეს სავარაუდო შემცვლელი, 2 მომსვლელი და 2 წამსვლელი

კატალონიელთა რიგებში დიდი წმენდა იწყება. კლუბი რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავს და ეს მწვრთნელის ჩათვლით მოთამაშეებსაც ეხებათ.

"ბარსელონელთა" ამჟამინდელი ბორდი მიხვდა, რომ ვალვერდე და მისი პრაგმატული, შედეგზე გათვლილი ტაქტიკა გუნდს არაფერში სჭირდება.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "კამპ ნოუზე" ქომაგების რიცხვმა საგრძნობლად მოიკლო და საშუალო მაჩვენებლმა დაბლა დაიწია. ეს პირველი ნიშანი გახლდათ.

"ენფილდზე" განადგურების შემდეგ გუნდში ვალვერდეს დღეები დათვლილია. ესპანური პრესა და ასევე ESPN-ი წერს, რომ "ბლაუგრანა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე "აიაქსის" თავკაცის ერიკ ტენ ჰაგის კანდიდატურასაც განიხილავს.

ჯერჯერობით სხვა გვარები არ სახელდება.

რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, ფრენკი დე იონგის შეძენის შემდეგ ყველა მატიის დე ლიხტის ტრანსფერის გაოფიციალურებას ელოდება.

Mundo-ს ინფორმაციით, ამსტერდამელთა 2 ტალანტის გაფორმების შემდეგ კატალონიელთა მომდევნო სამიზნე ანტუან გრიზმანია, რომლის სანაცვლოდაც კლუბი 120 მილიონ ევროს ამზადებს.

წყარო წერს, რომ გუნდს აუცილებლად დატოვებს კოუტინიო, რომლის სანაცვლოდ "ბარსა" დაახლოებით 100 მილიონის მიღებას გეგმავს.

წამსვლელთა სიაში იმყოფება ივან რაკიტიჩიც, რომლის სანაცვლოდ "ინტერი" 50-60 მილიონის გადახდას აპირებს.

მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. თავად ხორვატს დარჩენა უნდა, თუმცა კლუბი მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ ჩქარობს.

ეს ჯერჯერობით არის ის რაც ცნობილია, თუმცა ასევე მოსალოდნელია მარცხენა მცველისა და მაღალი დონის ცენტრფორვარდის შეძენაც.

უახლოეს დღეებში "ბარსელონა" ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები