Aa
Aa

"ბარსელონაში" განგაშის ზარებს შემოჰკრეს! ვალვერდეს დღეები დათვლილია... კოუტინიოსიც!

"ბარსამ" "ენფილდზე" სრული კატასტროფა განიცადა და ზედიზედ მეორე სეზონის განმავლობაში 3 ბურთიანი ჰანდიკაპი გაანიავა.

როგორც ბრიტანული პრესა წერდა, მატჩის შემდეგ "ბარსელონას" გასახდელში სამარისებრი სიჩუმე იყო და თავი დაკრძალვაზე გეგონებოდათ.

"ასეთი არაფერი მინახავს. ეს ჩვეულებრივი დაკრძალვა იყო. გასახდელში წარმოუდგენელი სიჩუმე სუფევდა.

ფეხბურთელები შოკში იყვნენ. ბიჭებს შევთავაზე, რომ სიტუაციის განსამუხტად ცოტა გვესაუბრა, მაგრამ არაფერი გამოვიდა." - ეს ტერ შტეგენის სიტყვებია.

შეხვედრის შემდეგ კომენტარის გაკეთებაზე უარი პრაქტიკულად მთელმა გუნდმა თქვა. ვალვერდესა და ტერ შტეგენის გარდა პრესას მხოლოდ ლუის სუარესი და სერხიო ბუსკეცი ესაუბრნენ.

"ელ პისტოლერომ" თავიანთი თავი ბავშვთა გუნდს შეადარა, ბუსკეცმა კი ქომაგებს ბოდიში მოუხადა.

დღეს კი Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კლუბის საბჭო პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბართომეუსთან ერთად უახლოეს დღეებში შეკრებას გეგმავს, რომელზეც ერნესტო ვალვერდეს ბედი გაირკვევა.

წყაროს თანახმად, 55 წლის ბასკ სპეციალისტს უდიდესი ალბათობით დაითხოვენ და სავარაუდოდ მას ფელიპე კოუტინიოც მიჰყვება.

კლუბის ხელმძღვანელები ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის გამოსვლით ძალიან იმედგაცრუებულები არიან და სეზონის დასრულების შემდეგ ცვლილებებს გეგმავენ.

ცალსახაა, რომ ვერ გაამართლა კოუტინიოს ტრანსფერმაც და ზოგადად კიდევ ბევრმა ნაბიჯმა, თუმცა ჯერ ყველაფრის განხილვას არავინ გეგმავს და მთავარ პრობლემას მწვრთნელის კანდიდატურას უნდა მიეხედოს, რის შემდეგაც ტრანსფერების დრო დადგება.

სავარაუდოა, რომ კვირის ბოლომდე "ბარსელონა" მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები