ლივერპული VS ბარსელონა - მატჩის შემდეგ
Aa
Aa

ლივერპული VS ბარსელონა - მატჩის შემდეგ

ბარსელონაში წაგებული 0:3-ის შემდეგ, „ლივერპულმა“ „ენფილდის“ გასაოცარი ატმოსფეროს დახმარებით ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი „ქამბექი“ შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საპასუსო მატჩში „ბარსელონას“ 4:0 მოუგო.

ამ ტურნირის ნახევარფინალების ისტორიაში მესამედ მოხდა, რომ გუნდმა პირველი შეხვედრა 3-ბურთიანი სხვაობით წააგო, მაგრამ ფინალში მაინც გააღწია, 1971 წელს იგივე „პანათინაიკოსმა“ გააკეთა, 1986-ში კი - „ბარსელონამ“.

გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩი პრესკონფერენციისას შეაფასეს და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხეს.

კლოპი: „ენფილდზე“ შექმნილი ატმოსფერო და ჩვენი გულშემატკივრები რომ არა წარმატებას ვერ მივაღწევდით. „ლივერპულის“ დახასიათება რომ მთხოვოთ მას დიდი ზომის გულს შევადარებდი, რომელიც დღეს გიჟივით ფეთქავდა და მისი ხმა ალბათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისმოდა. ძალიან მიხარია ხალხს ასეთი სანახაობა რომ ვაჩუქეთ და ბედნიერი ვარ ფინალში თამაშის შანსი კიდევ ერთხელ რომ მომეცა“.

„მატჩის დაწყებამდე ბიჭებს ვუთხარი, რომ ჩემი აზრით სასურველი შედეგის დაფიქსირება შეუძლებელი იყო, მაგრამ რადგან მოედანზე ისინი გადიოდნენ, მჯეროდა რომ შანსი გვქონდა. დღეს ალბათ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მატჩი ემოციურად საკმაოდ დატვირთული გამოდგა. „ბარსას“ დონის გუნდთან გამარჯვების მოპოვება, თანაც კარის მშრალად შენახვა, ურთულესი ამოცანაა. არ ვიცი ბიჭებმა ეს როგორ მოახერხეს“.

„დღეს შესანიშნავად ვიასპარეზეთ. ამ დონეზე ალბათ სულ რაღაც ორი-სამი შეხვედრა გვაქვს ჩატარებული. ჩვენთვის „ბარსასთან“ გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს დღე სამუდამოდ მემახსოვრება“.

„მეოთხე გოლის ეპიზოდში ან იღბალია საჭირო ან ისეთი გენიოსი უნდა გყავდეს, როგორიც ტრენტ ალექსანდერ-არნოლდია. პირადად მე ვერაფერი დავინახე. წარმოდგენა არ მქონდა კუთხური ვინ ჩააწოდა და უცებ გავაანალიზე რომ ბურთი „ბარსელონას“ კარის ბადეში აღმოჩნდა. მიხარია ისტორიული მოვლენის ნაწილი რომ გავხდი. ეს ნამდვილად განსაკუთრებული გრძნობაა“.

ვალვერდე: „მეორე და მესამე გოლის შემდეგ „ლივერპულმა“ უპირატესობა მოიპოვა და თამაშის მიმდინარეობას აკონტროლებდა. დღეს „მერსისაიდელთა“ კარის აღება ვერ მოვახერხეთ, მათ კი ორ წუთში ორი გოლი გაგვიტანეს და შემდეგ მატჩის სადავეები იგდეს ხელთ“.

„ლივერპულმა“ შესანიშნავად იასპარეზა და მინდა დამსახურებული გამარჯვება მივულოცო. ჩვენთვის და ჩვენი ქომაგებისთვის ეს საშინელი შედეგია. არ გვეგონა ასეთ სიტუაციაში თუ აღმოვჩნდებოდით. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ „ლივერპული“ ქებას ნამდვილად იმსახურებს“.

„მატჩის შედეგით „ბარსელონას“ ფეხბურთელებიც გაოცებულები იყვნენ. არ ვიცი ყველაფერი ასე რატომ განვითარდა. სტანდარტული სიტუაციებიისთვის მაქსიმალურად მზად ვიყავით, რადგან ვიცოდით, რომ „ლივერპულს“ ამ კომპონენტში უპირატესობა ჰქონდა. ვერ გეტყვით მეოთხე გოლის მომენტში რა მოხდა. ჩემი აზრით დიდი როლი მოულოდნელობის ფაქტორმა ითამაშა. მზად არ ვიყავით და მათ ამით მშვენივრად ისარგებლეს“.

წლეულს „ბარსელონასთვის“ ფინიშის ხაზი შორსაა. ესპანეთის თასისთვის ვიბრძვით და იმედი გვაქვს მიმდინარე სეზონს დადებით ნოტაზე დავასრულებთ“.

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა თასის/ლიგის ნახევარფინალში მეთერთმეტედ მიიღო მონაწილეობა და ფინალის საგზური მეცხრედ მოიპოვა. ამასთანავე, „წითლებმა“ მესამედ შეძლეს, რომ ტურნირის ფინალში ზედიზედ ორ სეზონში გასულიყვნენ, მათ ეს 1977 და 1978, ასევე 1984 და 1985 წლებში მოახერხეს.

„ბარსელონამ“ კი ჩემპიონთა თასზე/ლიგაზე ერთ მატჩში 4 გოლი ისტორიაში მეექვსედ გაუშვა, ბოლოს ეს 2016-2017 წლებში პსჟ-ს წინააღმდეგ მოხდა.

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალი 1 ივნისს, მადრიდში, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება. „ლივერპულის“ მეტოქე კი დღეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც „იოჰან კრუიფ არენაზე“ „აიაქსი“ და „ტოტენჰემი“ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები