ლივერპული VS ბარსელონა - მატჩის წინ
Aa
Aa

ლივერპული VS ბარსელონა - მატჩის წინ

ლივერპულის „ენფილდის“ სახელობის სტადიონი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის მოლოდინშია. „ლივერპული“ ურთულესი მისიის წინაშეა, თუმცა მერსისაიდული პუბლიკა იმედს არ კარგავს და „ბარსელონას“ საფეხბურთო ჯოჯოხეთს უმზადებს.

ლივერპულელებმა პრემიერ ლიგის მატჩი შაბათს ჩაატარეს და სტუმრად „ნიუკასლს“ მძიმე ბრძოლაში მოუგეს, გუნდს გამარჯვება დივოკ ორიჯის მიერ 86-ე წუთზე გატანილმა გოლმა მოუტანა.

მასპინძლები დღევანდელ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემების ფონზე ხვდებიან, მათი მხრიდან სალაჰი, ფირმინო, კეიტა და ლალანა ვერ ითამაშებენ.

იურგენ კლოპის თქმით, მისმა ფეხბურთელებმა კონცენტრაცია არცერთი წამით არ უნდა დაკარგონ და მხოლოდ გამარჯვებაზე იფიქრონ.

„დღევანდელ შეხვედრას მოჰამედ სალაჰისა და რობერტო ფირმინოს გარეშე ჩავატარებთ, მაგრამ ჩვენი მიზანი იგივე იქნება და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

„ბარსელონა“ კარგ სიტუაციაში იმყოფება. განმეორებითი მატჩის წინ კატალონიელები სამბურთიან უპირატესობას ფლობენ, რაც სოლიდური ჰანდიკაპია. ჩვენ საფეხბურთო სამყაროს ვერ ვეტყვით, რომ საწყის 10 წუთში სამ გოლს გავიტანთ და დარჩენილ დროში მომდევნო ეტაპის საგზურის დასასაკუთრებლად ვიბრძოლებთ. ბუნებრივია ასე არ მოხდება. ჩვენი მიზანი გამარჯვების მოპოვებაა და თუ კონკრეტულ მომენტში ფინალში გასვლის შანსი მოგვეცემა, გულშემატკივრების გასახარებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ“.

„მშვენივრად მოგვეხსენება, რომ ურთულეს გამოწვევასთან მოგვიწევს გამკლავება, მაგრამ „ლივერპულს“ ყველა ბარიერის გადალახვა შეუძლია. 100 პროცენტით დავიხარჯებით და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ცდას არ დავაკლებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება. პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი ჩვენს წისქვილზე არ ასხამს წყალს. „კამპ ნოუზე“ გოლის გასატანად ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა და ახლა რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით“.

„დღეს მსოფლიოს ორი საუკეთესო თავდამსხმელი დაგვაკლდება, არადა „ბარსელონას“ კარში ოთხი გოლი გვაქვს გასატანი. მძიმე მატჩი გველის, მაგრამ მჯერა, რომ მოედანზე მყოფი 11 ფეხბურთელი 100 პროცენტით დაიხარჯება“.

„ლიონელ მესის და ლუის სუარესის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ კარში მიღებული გოლი დამღუპველია. ასეთ დროს საჭიროა კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში შეინარჩუნო. როცა „ბარსელონასთან“ თამაშობ და რისკავ, ისჯები, ამიტომ არცერთი წამით არ უნდა მოვდუნდეთ და უშეცდომოდ უნდა ვიასპარეზოთ“.

უქმეებზე პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ითამაშა „ბარსამ“, რომელსაც ლა ლიგის ჩემპიონობა განაღდებული აქვს და „სელტას“ ლიდერების გარეშე ესტუმრა, შედეგად, 0:2 წააგო.

ესპანელთაგან მატჩში მონაწილეობას უსმან დემბელე და რაფინია ალკანტარა ვერ მიიღებენ.

ერნესტო ვალვერდე აღნიშნავს, რომ პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი არაფერს ნიშნავს და მისი ფეხბურთელები მძიმე ბრძოლისთვის ფსიქოლოგიურად მზად არიან.

„პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგის მიუხედავად დღევანდელ შეხვედრას დიდი ყურადღებით ვეკიდებით. ერთი კვირის წინ მომხდარზე ფიქრი შეცდომა იქნებოდა და შესაძლოა დამღუპველიც აღმოჩნდეს. ისე უნდა ვითამაშოთ თითქოს ფინალურ შეხვედრას ვატარებდეთ“.

„ლივერპულს“ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. სტადიონზე შექმნილი ატმოსფერო და გულშემატკივრები მათ დამატებით მოტივაციას მისცემს. ისინი აუცილებლად შეგვიტევენ, ამაზე ორი აზრი არაა, მაგრამ გვინდა შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართოს“.

„ლივერპულს“ „ბარსელონას“ დამარცხება შეუძლია. პრემიერ ლიგაში მათ მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმეს, ისიც სტუმრად, ასე რომ წინ რთული მატჩი გველის. იურგენ კლოპს ტაქტიკურად გამართული გუნდი ჰყავს და „ლივერპულის“ წინააღმდეგ ერთი წამით მოდუნებაც არ შეიძლება“.

„ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, მისი მთავარი არბიტრი კი თურქი ჩუნეთ ჩაქირი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები