Aa
Aa

ბაკაიოკო - გატუზოს: "წადი შენი"! - შელაპარაკება "მილანი"-"ბოლონიას" მატჩისას

„მილანმა“ „ბოლონიას“ მძიმე ბრძოლაში მოუგო და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა იტალიურ მედიაში განხილვის მთავარი თემა მატჩის პირველ ნახევარში მომხდარი ინციდენტია. ტიემუ ბაკაიკომ მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს უწმაწურად მიმართა, რაც კამერებმაც დააფიქსირეს.

დაახლოებით 20-ე წუთზე, ლუკას ბილიამ ტრავმა მიიღო, გატუზომ კი ბაკაიოკოს გახურება მოსთხოვა, თუმცა რამდენიმე წუთში მოედანზე არა ფრანგი, არამედ ხოსე მაური შევიდა. როგორც გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო წერს, გატუზომ ბაკაიოკოს მოთელვისას ჰკითხა, მზად იყო თუ არა მინდორზე გასასვლელად, რაზეც მისგან უარი მიიღო და მწვრთნელმაც მომენტალურად მაურის დაუძახა და თამაშში ის ჩართო.

სათადარიგოთა სკამზე დაბრუნების შემდეგ გატუზოსა და ბაკაიოკოს შორის უსიამოვნო დიალოგი შედგა, რომლის ბოლოსაც ფეხბურთელმა მწვრთნელს შემდეგნაირად მიმართა - „წადი შენი“.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენციისას გატუზოს ინციდენტზე კომენტარის გაკეთება მოუწია.

„ფეხბურთელები ჩემზე გაბრაზებულები იყვნენ, რადგან 5 დღით ოჯახებს მოვწყვიტე. რაც მოხდა, ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა და გუნდის გასახდელში დარჩება. ბაკაიოკოს მოსამზადებლად 7-8 წუთი ჰქონდა, შემდეგ კი როცა ვკითხე, მზად იყო თუ არა, პასუხი დააყოვნა, ამიტომ მოედანზე მაური შევიყვანე.

ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია, რაც უნდა ის მითხრას, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია და არავის აქვს უფლება, გუნდის შიდა სამზარეულოს ატმოსფერო მოწამლოს. ასევე ყველას შეუძლია, შეურაცხყოფა მომაყენოს, თუმცა მას პირისპირ აუცილებლად შევხვდები და თვალებში ჩავხედავ.

მინდა, ახლა ამ ეპიზოდზე საუბარი დავასრულო, გასახდელში კი მასთან ჩემს ენაზე დავილაპარაკებ, რომელსაც ტელევიზიით ნამდვილად ვერ გამოვიყენებ. საერთოდაც, ვიფქრობ, დღევანდელ გამარჯვებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, და არა - სხვა რაღაცებზე“.

ბაკაიოკოს ამ ყველაფერზე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, „ინსტაგრამზე“ პოსტი დაწერა, რომელშიც აღნიშნა, რომ მოედანზე გასვლაზე უარი არ უთქვამს და საამისოდ 200%-ით მზად იყო, გატუზომ კი უხამსი ტერმინოლოგიით მიმართა და მანაც შესაბამისი ლექსიკით უპასუხა. დავამატოთ ისიც, რომ ფრანგმა საყრდენმა ტვიტერის მეშვეობით ხოსე მაურის კარგი თამაში მიულოცა.

ტიემუ ბაკაიოკო „მილანის“ რიგებში იჯარის წესით, ლონდონის „ჩელსიდან“ თამაშობს, „როსონერის“ მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები