კავაი დომინირებს!
Aa
Aa

კავაი დომინირებს! "ტორონტომ" გაათანაბრა

ბრეტ ბრაუნის „ფილადელფიამ“ საშინაო კედლების უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და სერიის რიგით მეოთხე შეხვედრაში „ტორონტსთან“ დასანანი მარცხი განიცადა. კანადელთა წარმატებაში კვლავინდებურად ლომის წვლილი კავაი ლეონარდს მიუძღვის. „რეპტორსის“ ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და გუნდს 39 ქულა შესძინა.

კავაი „ტორონტოს“ ისტორიაშიც შევიდა და კანადური გუნდის არსებობის განმავლობაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ერთ სეზონში პლეიოფის მიჯრით 6 შეხვედრაში 30 ქულაზე მეტი დააგროვა. ლეონარდის გარდა 16 ქულით მარკ გაზოლი გამოირჩა. სერჟ იბაკამ დაცვაში შესანიშნავად იასპარეზა და 12 ქულა გაიფორმა. კაილ ლოურის ანგარიშზე კი 14 ქულაა.

„ფილადელფიას“ რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი ჯიმი ბატლერმა დააფიქსირა და 29 ქულა მიითვალა. ჯეი ჯეი რედიკმა 19 ქულა გაიფორმა. ტობაიას ჰერისმა საშინლად იასპარეზა და 13 სამქულიანიდან მხოლოდ 2 ჩააგდო. თავი ვერც ჯოელ ემბიდმა გამოიჩინა და შეხვედრა 11 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

„ტორონტოს“ გამარჯვების შემდეგ სერია კანადაში გადაინაცვლებს. „რეპტორსისა“ და „ფილას“ რიგით მეხუთე შეხვედრა 8 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები