ლივერპული VS ბარსელონა -
Aa
Aa

ლივერპული VS ბარსელონა - "ენფილდზე" გუნდები დანაკლისით ითამაშებენ

სამშაბათს და ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების განმეორებითი მატჩები გაიმართება და ორი ფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.

"კამპ ნოუზე" 0:3-ის წაგების შემდეგ "ლივერპული" "ქამბექისთვის" ემზადებოდა, თუმცა ყველამ და მათ შორის "მერსისაიდელებმაც" კარგად იცოდნენ, რომ ეს ურთულესი იქნებოდა. "ნიუკასლთან" შეხვედრის შემდეგ კი სიტუაცია უფრო გართულდა...

"წითლები" ნანატრი პრემიერლიგის მოგებისთვის იბრძვიან და ბუნებრივია "ბარსელონასთვის" შემადგენლობას კლოპი არ დაასვენებდა. "კაჭკაჭებმა" მრისხანე მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს, მაგრად ანერვიულეს და მო სალაჰიც დაუშავეს.

საჰაერო ორთაბრძოლის დროს ეგვიპტელმა ფეხბურთელმა თავში ძლიერი დარტყმა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა.

 

"სალაჰმა მეკარესთან შეჯახებისას თავში მძიმე დარტყმა მიიღო. ექიმებმა მას შეხვედრის გაგრძელების უფლება არ მისცეს და მე ამ გადაწყვეტილებას ვეთანხმები.

ახლა უნდა დავიცადოთ და სიტუაცია შევაფასოთ. ამის შემდეგ გადაწყდება ითამაშებს თუ არა ის "ბარსელონასთან".

გასახდელში ყოფნის დროს ის თამაშს ტელევიზორში უყურებდა, რაც კარგია. ეს ნიშნავს, რომ ის კარგად არის, თუმცა მოცდა აუცილებელია. მან სერიოზული დარტყმა მიიღო". - განაცხადა კლოპმა.

რაც შეეხება ლივერპულელთა მეორე და არანაკლებ სერიოზულ პრობლემას - "ბარსას" წინააღმდეგ რობერტო ფირმინოს თამაში კლოპმა გამორიცხა:

"სამშაბათისთვის ფირმინო მზად არ იქნება. შემდეგ კი ვნახოთ".

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" წინააღმდეგ ნაბი კეიტას თამაშიც გამოირიცხა.

რაც შეეხებათ კატალონიელებს, "სელტასთან" არაფრისმომცემ შეხვედრაში ვალვერდეს უსმან დემბელე დაუშავდა. ფრანგმა გარემარბმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა და მოედანი მე-5 წუთზე დატოვა.

როგორც უკვე დადასტურდა დემბელე "ენფილდზე" ვერ ითამაშებს. კლუბის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე "ლივერპულთან" მატჩის განაცხადი გამოქვეყნდა, რომელშიც ფრანგი არ იმყოფება.

ასევე ცნობილია, რომ დემბელე მოედანს 3-4 კვირით ჩამოშორდა და სეზონის უმნიშვნელოვანეს ნაწილს გამოტოვებს.

"ასეთი დონის (ლივერპულთან) შეხვედრებისთვის დემბელეს ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ვფიქრობ ფელიპე კოუტინიოსთან მიმართებაში. არ გავრისკე და კოუტინიო სკამზე დავტოვე, რადგან წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის." - განაცხადა ვალვერდემ "სელტასთან" შეხვედრის შემდეგ.

საინტერესოა თუ რატომ გარისკა ვალვერდემ დემბელეს შემთხვევაში და რატომ არ დატოვა  ის თადარიგში... ახალგაზრდა ფრანგი გუნდში ვერმალენის შემდეგ, ტრავმების მიმართ ყველაზე მეტად არის მიდრეკილი.

რა თქმა უნდა, კლოპის დანაკლისი გაცილებით დიდია და "მერსისაიდელთა" ისედაც შეუსრულებელი მისია კიდევ უფრო გართულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები