Aa
Aa

"ბარსას მისგან თანხმობა აქვს მიღებული..." - კვლავ გრიზმანისა და ვილიანის საგა

როგორც ჩანს, "ბარსელონა" 2019 წლის საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრისას იმ მოთამაშეებს მიუბრუნდება, რომელთა შეძენაც 2018 წელს სურდათ.

საუბარია ანტუან გრიზმანსა და ვილიანზე. "ბარსასთან" მიმართებაში ყველაზე მეტი ჭორი, თუ სიმართლე სწორედ ამ ორი მოთამაშის ირგვლივ დაიწერა.

როგორც ცნობილი გახლავთ ვილიანის შეძენას თავად ერნესტო ვალვერდე ითხოვდა. ბასკ სპეციალისტს სურდა მაღალი დონის გამოცდილი გარემარბი, რომელიც ორივე ფლანგზე კარგად იმოქმედებდა და თადარიგში დარჩენასაც არ ითაკილებდა.

"ჩელსიმ" ვილიანი საკმაოდ ძვირად შეაფასა და კატალონიელებმა მის ყიდვაზე უარი განაცხადეს. საბოლოოდ ვალვერდეს 41 მილიონად 21 წლის მალკომი უყიდეს, რომელიც მესის პოზიციაზე თამაშობს.

მწვრთნელს მიუყვანეს ფეხბურთელი, რომელიც მის გეგმებში არ შედიოდა და თან, ის გუნდის ლიდერის პოზიციაზე თამაშობდა. წლევანდელი სეზონი ნათლად გვანახებს იმას თუ რამდენად "სურდა" ვალვერდეს მალკომის შეძენა.

ახალგაზრდა ბრაზილიელი მოედანზე ძალიან იშვიათად გადის და სეზონის ბოლოს გუნდიდან მისი წასვლა ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი ნაბიჯი გახლავთ.

ამრიგად, "ბარსა" ვილიანს კვლავ მიუბრუნდა და ამას კვლავ ვალვერდე ითხოვს. ბრაზილიელი უკვე 30 წლის არის და "ბლაუგრანას" იმედი აქვს, რომ ამჯერად მას ხელში ნახევარ ფასად ჩაიგდებს და ლონდონელებს 35 მილიონიან წინადადებას უმზადებს.

ჯერჯერობით "არისტოკრატთა" პასუხი უცნობია.

რაც შეეხება გრიზმანს, გავლენიანი ესპანელი ჟურნალისტი ფრანცესკ აგილარი ირწმუნება, რომ ფრანგ ფეხბურთელსა და "ბარსელონას" შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

"ბარსას გრიზმანისგან თანხმობა აქვს მიღებული. მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

ამჯერად ისინი სიურპრიზებს არ გეგმავენ. "ბარსელონა" გრიზმანის გამოსასყიდი თანხის გადახდას არ გეგმავს, თუმცა კატალონიელები 100 მილიონზე მეტის გადახდას აპირებენ.

და ბოლოს გეტყვით, რომ გრიზმანმა საკუთარ სახლში "ბარსელონას" წარმომადგენელს უმასპინძლა, რომელიც ფრანგულ ენას ფლობდა, რათა მასთან ყველაფერზე გარკვევით ესაუბრა. ხსენებული შეხვედრა ტრანსფერის ბოლო დეტალების შეთანხმებას ემსახურებოდა". - ამბობს აგილარი.

აქვე გეტყვით, რომ "ბარსას" "აიაქსის" 19 წლის კაპიტნის მატიის დე ლიხტის გადაბირებაც სურს. კლუბის პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ჰოლანდიელი ფეხბურთელისადმი ინტერესი დაადასტურა, თუმცა მასთან შეთანხმება უარყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები