Aa
Aa

6 თვიანი დისკვალიფიკაცია ჯარელ მილერს

30 წლის ამერიკელმა მოკრივემ, ჯარელ მილერმა, WBA-სგან 6 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ენტონი ჯოშუასთან გასამართ ორთაბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე მილერს სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს და რინგზე გასვლა აუკრძალეს.

წესითა და რიგით სასჯელი უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამერიკულ სისტემაში არსებულმა ხარვეზმა მის წისქვილზე დაასხა წყალი.

სისხლში აკრძალული პრეპარატების აღმოჩენის შემდეგ ნიუ იორკის შტატის სპორტულმა კომისიამ ჯარელს მოკრივის ლიცენზია შეუჩერა. თუმცა მილერის ლიცენზია ისედაც ვადაგასული გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნიუ იორკის შტატის სპორტულ კომისიას 30 წლის მებრძოლის სათანადოდ დასჯის უფლება არ აქვს. ჯარელის მიმართ სანქციები ვერც WBA-მ გაატარა და მხოლოდ და მხოლოდ 6 თვიანი დისკვალიფიკაციით შემოიფარგლა.

კრივის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებას 30 წლის მებრძოლის ბანაკი გამოეხმაურა. ამერიკელი მებრძოლის პრომოუტერმა, გრეგ კოჰენმა WBA-ის სასჯელს სამართლიანი და მართებული უწოდა.

მილერს კარიერის განმავლობაში 24 ორთაბრძოლა აქვს ჩატარებული. მან 23-ჯერ იმარჯვა და ერთხელ ფრეს დასჯერდა. 2 ივნისს „მედისონ სქუეარ გარდენში“ ჯარელს მისი თანამემამულე, ენდი რუის ჯუნიორი შეცვლის.

ცხელი ამბები