Aa
Aa

ტოტენჰემი VS აიაქსი - მატჩის წინ

უეფას ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა. დღეს ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“ დაუპირისპირდებიან.

მატჩი ლონდონში, „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუმზე“ გაიმართება. მაურიციო პოჩეტინოს გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გამართულ საშინაო მატჩებში დადებითი შედეგი აქვს. „დეზებმა“ ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, საკუთარ მოედანზე გამართული ბოლო 10 შეხვედრიდან 8 მოიგეს, რომელთაგან ბოლო 4 მიმდინარე სეზონში ითამაშეს. ამას ისიც ემატება, რომ „ტოტენჰემი“ ჰოლანდიის ერედივიზიის გუნდებთან ბოლო 6 მატჩი დაუმარცხებელია, 4 მოგება და 2 ფრე.

ამ სტატისტიკის მიუხედავად, მაურიციო პოჩეტინო „აიაქსთან“ გასამართ შეხვედრას მნიშვნელოვანი საკადრო პრობლემებით ხვდება. ამსტერდამელების წინააღმდეგ „ტოტენჰემს“ გუნდის ორი გამოკვეთილი ლიდერი, ჰარი კეინი და სონი ვერ დაეხმარებიან. კეინმა კოჭის ტრავმა „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართულ, ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიიღო. მაურიციო პოჩეტინოს თქმით, ინგლისელი ცენტრფორვარდი ლიგის ორივე ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს. „ტოტენჰემის“ ფინალში გასვლის შემთხვევაში კი შესაძლოა იმ დროისთვის მწყობრში იყოს. რაც შეეხება სონს. სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი „აიაქსთან“ გასამართ დაპირისპირებას ყვითელი ბარათის გამო გამოტოვებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მაურიციო პოჩეტინომ განაცხადა, რომ გუნდის მიზნები და ოცნებები უსასრულობისკენ და მის მიღმაა.

 პოჩეტინო: „ვფიქრობ, ყოველთვის უსასრულობისკენ და მის მიღმა უნდა იოცნებო. რადგან თუ ოცნებობ აქ და ამ მომენტში, შესაძლოა აგიხდეს თუმცა ეს ცარიელი ბოთლი იყოს. ასე რომ ამბიციურები უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ რაზე ვოცნებობთ. მე ყოველთვის მეოცნებე ვიყავი. ახალგაზრდობაში ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი და ამას მივაღწიე. რა თქმა უნდა ეს რთული გზა იყო და ამისთვის ბევრი შრომა დამჭირდა, თუმცა რაღაც ენერგიის ყოველთვის მჯეროდა, რაღაც ძალის, რომელიც შენს თავშია და თუ რაღაცის გჯერა, ოცნებობ და შრომობ ადრე თუ გვიან მიაღწევ იმას რაც მთელი არსებით გინდა. რაც შეეხება აიაქსთან გასამართ შეხვედრას, ამსტერდამელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, რომელიც ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ მათი ბევრი თამაში ვნახეთ და გავარჩიეთ, რაც ბუნებრივია, მაგრამ თუ მკითხავთ „აიაქსის“ რომელ ფეხბურთელს გამოვარჩევდი, გეტყვით რომ ეს ფრენკი დე იონგია. ის ფანტასტიკური ფეხბურთელია და ჩემთვის სრულიად გასაგებია თუ რატომ გადაიხადა მასში ამხელა თანხა „ბარსელონამ“. როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ხარ, ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან ძლიერი გუნდი გყავს, რომელსაც ძლიერი მწვრთნელი ჰყავს. ვფიქრობ ერიკ ტენ ჰაგი ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს.“

 კარგ განწყობაზეა ერიკ ტენ ჰაგის გუნდი. ამსტერდამელები ბოლო 8 შეხვედრაა არ დამარცხებულან. ბოლოს მათ 17 მარტს, „ალკმაართან“ წააგეს. „ტოტენჰემთან“ გასამართ მატჩში „აიაქსს“ მნიშვნელოვანი დანაკლისი არ აქვს, რაც მათი წარმატების შანსს ერთიორად ზრდის.

„აიაქსი“ ნახევარფინალურ მატჩს დასვენებული ხვდება, რადგან ჰოლანდიის ერედივიზიეს მატჩები გასულ უქმეებზე არ გამართულა. ამასთან დაკავშირებით „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა უკმაყოფილება გამოთქვა და განაცხადა, რომ „აიაქსის“ დასახმარებლად და იმისთვის, რომ გუნდი არ გადაღლილიყო, ჰოლანდიური ფეხბურთის მესვეურებმა ერედივიზიეს მთელი ტურის მატჩები გადადეს, რაც პოჩეტინოს აზრით უსამართლობაა. ამის პასუხად, „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ხაზი კლუბების ფინანსურ შემოსავლებს გაუსვა და განაცხადა.

 ერიკ ტენ ჰაგი: „ტელევიზიებიდან ჩვენი შემოსავალი 10 მილიონი ევროა, „ტოტენჰემი“ კი არ ვიცი... გაცილებით მეტს იღებს. როგორ ფიქრობთ კიდევ უსამართლოა? უსამართლოა ჩვენთვის თუ „ტოტენჰემისთვის“? ჩვენ ამ გარემოებებში თამაში გვიწევს და ამას უნდა შევეგუოთ. რაც შეეხება პრემიერ ლიგის ფეხბურთელების ჩვენს გუნდში გადმობირებას. რა თქმა უნდა ჩვენ ეს ნაბიჯი შეგნებულად გადავდგით, რადგან გასულ სეზონში ძალიან კარგი ახალგაზრდა გუნდი გვყავდა, რომელსაც გამოცდილება აკლდა. პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებმა კი იციან, თუ როგორ მოიგონ ტიტულები და როგორ დაამარცხონ დიდი გუნდები. ასე რომ ბლინდის და ტადიჩის გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.“

„ტოტენჰემისა“ და „აიაქსის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, რომელსაც ესპანელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი კი ანტონიო მატეუ ლაოსი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები