ტონი:
Aa
Aa

ტონი: "გუარდიოლა ერთ დღესაც იტალიურ კლუბს გაწვრთნის"

ვეტერან იტალიელ ფორვარდს, ლუკა ტონის, სჯერა, რომ ხოსეპ გუარდიოლა ერთ დღესაც სერია A-ში მუშაობას გადაწყვეტს და ერთ-ერთ აპენინურ გუნდს ჩაუდგება სათავეში. ტონიმ ამის შესახებ Tuttosport-თან საუბრისას განაცხადა.

"ჩემი აზრით, იგი ერთ დღესაც იტალიაში მუშაობას გადაწყვეტს. როცა ცნობილი იყო, რომ "სიტიში" ინიშნებოდა, პირად საუბარში მითხრა, რომ მწვრთნელის რანგში სერია A-ში დაბრუნებაც სურდა. მას გამოწვევები უყვარს.

რომელ იტალიურ კლუბში ვხედავ? "რომაში", რადგან ის ამ გუნდში თამაშობდა, ასევე ტურინის "იუვენტუსში", რომელიც ამჟამად ქვეყნის ნომერ პირველი კლუბია. ამ ზაფხულს მისი "იუვეში" გადასვლა ნამდვილად რთული იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი სწრაფად იცვლება და არ იცი, როდის რა შეიძლება მოხდეს.

ალეგრის ვაფასებ, თუმცა თუ იგი წასვლას გადაწყვეტს, "ვეკია სინიორას" სათავეში კიდევ ერთ დიდ მწვრთნელს ველოდები და თუ ამ პოსტს გუარდიოლა დაიკავებს, ჩემთვის ეს სიურპრიზი არ იქნება".

ლუკა ტონი და პეპ გუარდიოლა 2003 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში, "ბრეშაში" თანაგუნდელები იყვნენ. პეპი იტალიაში 2001 წელს გადაბარგდა და სწორედ "ბრეშას" მაისური მოირგო, 2002-2003 წლების სეზონის პირველი ნახევარი კი "რომას" რიგებში გაატარა.

რაც შეეხება ტონის, მან აქტიური კარიერა 2016 წელს, "ვერონაში" დაასრულა, შემდეგ კი დაახლოებით ერთი წლის მანძილზე ამ კლუბის სპორტული დირექტორი იყო. 2017 წლის დეკემბერში მწვრთნელის ლიცენზიის კურსები წარმატებით დახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები