ტიტო ვილანოვამ სიკვდილამდე 6 დღით ადრე მესი დაარწმუნა
Aa
Aa

ტიტო ვილანოვამ სიკვდილამდე 6 დღით ადრე მესი დაარწმუნა "ბარსელონაში" დარჩენილიყო

ტიტო ვილანოვა რომ არა, დღეს ლიონელ მესი "ბარსელონას" რიგებში ალბათ არ იასპარეზებდა. "ბლაუგრანას" ყოფილმა თავკაცმა სიკვდილამდე 6 დღით ადრე არგენტინელი სუპერვარსკლავი დაარწმუნა "ბარსაში" დარჩენილიყო.

ვილანოვას ყოფილი თანაშემწე, ხორდი როურა, ერთ-ერთ ესპანურ რადიოში სტუმრად იმყოფებოდა და ეს ისტორია სწორედ მან გააჟღერა.

2013-14 წლების სეზონში "ბარსელონას" სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია და დასკვნით ეტაპზე მესიმ არ იცოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. საქმეში ვილანოვა ამ დროს ჩაერთო.

"ტიტო იმ სტადიაზე იმყოფებოდა, როცა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. რაც შეეხება ლეოს, მან არ იცოდა "ბარსელონაში" დარჩებოდა თუ არა".

"ვილანოვა და მესი ერთმანეთს ზუსტად ამ დროს შეხვდნენ. მართალია იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში საუბრობდნენ. მესიმ დარჩენა სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა და იმედი მაქვს "ბლაუგრანას" მაისურით კიდევ დიდ ხანს იასპარეზებს".

25 აპრილს ვილანოვას გარდაცვალებიდან 5 წელი გავიდა. მესიმ ტიტოს ხსოვნას პატივი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტით მიაგო. ლეომ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე მისი და ვილანოვას ფოტო განათავსა და თან ასეთი წარწერა დაურთო: "მუდამ ჩვენთან"

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები