სკალონი კოპა ამერიკისთვის ტაქტიკას ცვლის - არგენტინის ნაკრების ახალი სქემა
Aa
Aa

სკალონი კოპა ამერიკისთვის ტაქტიკას ცვლის - არგენტინის ნაკრების ახალი სქემა

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლიონელ სკალონიმ Direc TV Sports-თან „ალბისელესტეს“ შესახებ ისაუბრა.

40 წლის სპეციალისტმა ახალი სათამაშო სქემის გამოყენება დაანონსა და განაცხადა, რომ ამჟამად არგენტინა არც ისე მაღალ დონეზე იმყოფება.

„დღეს არგენტინა იმ კონდიციებში არ იმყოფება, რომ მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებებს თანასწორად ეთამაშოს.

ყოველთვის ვცდილობ, რომ სიმართლე ვთქვა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ის მტკივნეულია. როდესაც ფეხბურთელი ვიყავი მნიშვნელოვანი იყო, რომ მწვრთნელს ჩემთვის სიმართლე ეთქვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ სათამაშო სტილი ერთ-ერთი სერიოზული რამ გახლავთ და ეს მე მაღელვებს.

„ბარსელონას“ შემთხვევაში შენ არასდროს იცი თუ რომელ სათამაშო სისტემას გამოიყენებენ ისინი. ეს გუნდი იმარჯვებს არა იმიტომ, რომ 4-4-2 ტაქტიკურ სქემას კარგად იყენებს, არამედ იმიტომ, რომ ისინი უბრალოდ კარგად თამაშობენ.

საკუთარი სათამაშო სტილით ასპარეზობა მნიშვნელოვანი გახლავთ. შევეცდებით ახალი სქემით (4-4-2) ვითამაშოთ და შევეცდებით მეტოქეს სხვადასხვა გზებით შევუტიოთ“.

არგენტინის ნაკრებმა ბოლო წლებში არაერთი ტაქტიკური სქემით იასპარეზა, თუმცა უშედეგოდ. 4-2-3-1, 4-3-3, 4-3-2-1, 3-5-2  - თუმცა „ალბისელესტეს“ აქამდე 4-4-2 არ გამოუყენებია. ვნახოთ რა შედეგს გამოიღებს სკალონის ეს მცდელობა.

ეჭვგარეშეა, რომ არგენტინელმა სპეციალისტმა მიმდინარე სეზონში ვალვერდეს „ბარსას“ შესრულებით ნათამაშები 4-4-2 იხილა, რომლის დროსაც კატალონიელები საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ და მესიც მოედანზე თავს კომფორტულად გრძნობდა.

რთული სათქმელია, რამდენად იმუშავებს მსგავსი სქემა არგენტინის ნაკრებში. „ალბისელსესტეს“ პრობლემა ბოლო წლებში საოცრად არასწორად შერჩეული განაცხადი და ძირითადი შემადგენლობა იყო, რომელსაც მთავარი მწვრთნელები ასახელებდნენ. ამჯერად ყველაფერი სკალონის ხელშია და მისი ბედი უახლოეს საფხულში გადაწყდება.

ახალგაზრდა სპეციალისტი გუნდის მესის ირგვლივ აშენებას ცდილობს. ნაკრებში დღემდე ვერცერთმა მწვრთნელმა ვერ მოახერხა და ლეოს მოედანზე სათანადო გარემო ვერ შეუქმნა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ბრაზილიაში სტარტს კოპა ამერიკის გათამაშება აიღებს. ლეო მესისთვის ხსენებული ტურნირი ეროვნულ ნაკრებთან ერთად წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ბოლო მცდელობა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები