კალაძე:
Aa
Aa

კალაძე: "მილანში ერთი პრობლემა არსებობდა" - პოლიტიკა და ფეხბურთი: "მილანური" ისტორიები

იტალიური ვებგვერდი Avvenire ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ კახა კალაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კარიერის საუკეთესო პერიოდზე საუბრობს და ''მილანში'' გატარებულ დასამახსოვრებელ დღეებს იხსენებს. ინტერვიუ კალაძის პოლიტიკური კარიერით იწყება.

- როგორია თქვენი ერთი დღე?

- თითოეული დღე ძალიან დატვირთულია. მუშაობას დილით ვიწყებ და გვიან ღამით ვასრულებ. თბილისში მცხოვრებთა მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მსურს მათ სურვილებს ვუპასუხო.

- რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?

- ეს არის ის, რაც ყოველთვის სისხლში მქონდა. 2012 წელს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ''ქართულ ოცნებას'' შევუერთდი. პოლიტიკური პარტია ბიძინა ივანიშვილმა დაარსა. ქვეყანაში დემოკრატია არ არსებობდა, რის გამოც ძალიან დამწუხრებული ვიყავი. მსურდა გაჭირვებაში მყოფ ხალხს დავხმარებოდი. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრად ვმუშაობდი და პარალელურად ვიცე-პრემიერის პოსტს ვიკავებდი. ხუთწლიან პერიოდში ელექტრო სექტორში გაწეული სამუშაო კარგად შეფასდა, თუმცა წარსულში ასეთი პროგრესი დაუჯერებელი ჩანდა. 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებში გავიმარჯვე და მას შემდეგ მერის პოსტზე ვმუშაობ.

- პოლიტიკოსობა უფრო რთულია თუ ფეხბურთელობა?

- პოლიტიკაში არასდროს უნდა დამარცხდე, მარცხი ხალხზე გავლენას ახდენს, ფეხბურთში კი შესაძლებელია დამარცხდე ან ფრედ ითამაშო.

- კვლავ გაქვთ კავშირი სილვიო ბერლუსკონთან?

- ბოლოს მაშინ ვესაუბრე, როცა თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვება მომილოცა.

- თქვენ ბერლუსკონის პოლიტიკური მოდელი ხართ საქართველოში?

- პარალელის გავლება რთულია, რადგან საქართველო იტალიას ბევრ რამეში ჩამორჩება. ჩვენ განვითარების გზაზე ვართ. გარდა ამისა რუსეთთან ომის შემდეგ დიდი დრო არ გასულა, რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს.

- მოდით თემა შევცვალოთ. რას ნიშნავს თქვენთვის იტალია და ''მილანი''?

- ''როსონერიში'' გამარჯვებულის მენტალიტეტი გვქონდა. მსურს ეს მენტალიტეტი პოლიტიკაში გადავიტანო.

-  რას ფიქრობთ დღევანდელ ''მილანზე''?

- გუნდს განვითარება შეუძლია. გატუზო კარგად მუშაობს. მომწონს მისი მუშაობა და ვფიქრობ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება რეალურია.

- თქვენ გატუზოსთან ბევრი ისტორია გაკავშირებთ.

- ყოველდღე ვხუმრობდით, ისტორია არაერთია. ასევე იყო ანდრეა პირლოსთან მიმართებაში, რომელიც გარეგნულად მშვიდი იყო, თუმცა ბევრს ხუმრობდა. ''მილანში'' დიდებული ფეხბურთელები, შესანიშნავი პიროვნებები თამაშობდნენ, მაგრამ ერთი პრობლემა არსებობდა.

- რა პრობლემა?

- ბრაზილიელთა ჩაცმულობის ყურება შეუძლებელი იყო. ასევე ვიტყოდი ინძაგის ტყავის ქურთუკზე.

 

- როგორ ფიქრობთ პიონტეკი ჰგავს ანდრეი შევჩენკოს?

- შევჩენკოსთან პარალელის გავლება რთულია. ვიდრე ასეთ შეფასებას გავაკეთებთ, პიონტეკმა დიდი გზა უნდა გაიაროს. შევჩენკო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია.

- ყველაზე მეტად რომელი ფეხბურთელების წინააღმდეგ გიჭირდათ თამაში?

- იბრაჰიმოვიჩი, ვიერი და რონალდო.

- საუკეთესო მოგონება ''მილანში'' გატარებული პერიოდიდან.

- ჩემპიონთა ლიგის ფინალში ''ოლდ ტრაფორზე'' გამარჯვებით მოგვრილი სიხარულის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ასევე დიდ სიხარულს ვგრძნობდი, როცა ჩემპიონთა ლიგა მეორედ მოვიგეთ.

- ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი?

''ინტერთან'' გატანილი გოლით ისტორიაში შევედი. ''ინტერი'' ყოველთვის ჩვენი მთავარი მეტოქე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები