Aa
Aa
25 აპრილი 2019  |  11:11

"ვაშინგტონ კეპიტალსი" "სტენლის თასისთვის" ბრძოლას გამოეთიშა

NHL-ის მოქმედი ჩემპიონი, „ვაშინგტონ კეპიტალსი“ „სტენლის თასისთვის“ ბრძოლას გამოეთიშა. გამთენიისას ოვეჩკინმა და კომპანიამ სერიის რიგით მეშვიდე შეხვედრაში საკუთარ არენაზე „კაროლინა ჰურიქეინსი“ მიიღეს და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდნენ.

მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა „კაროლინამ“ მესამე ოცწუთეულში ანგარიში გაათანაბრა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. დამატებითი დრო უკეთ „ჰურიქეინსის“ მოთამაშეებმა ჩაატარეს და მაკგინის გოლის წყალობით მომდევნო ეტაპის საგზური დაიბევეს.

„ვაშინგტონის“ წარუმატებლობის შემდეგ პლეიოფის მეორე რაუნდის ყველა მონაწილის ვინაობა გახდა ცნობილი. აღმოსავლეთ კონფერენციაში „ბოსტონ ბრუინსი“ „კოლამბუს ბლუ ჯექეთსს“ გაეჯიბრება. „ნიუ იორკ აილენდერსი“ კი „კაროლინა ჰურიქეინსთან“ გაარკვევს საუკეთესოს ვინაობას. რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციას, აქ „სან ხოსე შარქსი“ „კოლორადო ავალანშს“ დაუპირისპირდება, ხოლო „სენტ ლუის ბლუსი“ „დალას სტარსს“ შეერკინება.

პლეიოფის მეორე ეტაპი სტარტს 26 აპრილს „ბოსტონისა“ და „კოლამბუსის“ ჯახით აიღებს, რომელიც თბილისის დროით 03:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები