Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  12:01

"მანჩესტერის" სამომავლო გეგმები და ფეხბურთელები, რომელთა შეძენა სულშერს სურს

ოლე გუნარ სულშერის „მანჩესტერს“ რთული პერიოდი უდგას. ნორვეგიელი სპეციალისტის შეგირდები საშინელ ფორმაში იმყოფებიან და სასურველი შედეგის დაფიქსირებას ვერა და ვერ ახერხებენ.

აშკარაა, რომ სერიოზული ცვლილებების გატარებაა საჭირო და სულშერი ზაფხულში გუნდის გასაძლიერებლად დიდ თანხას დახარჯავს. ნორვეგიელი სპეციალისტი რამდენიმე ფეხბურთელს უმიზნებს და შესაძლოა მომდევნო სეზონში განსხვავებული „იუნაიტედი“ ვიხილოთ.

ნიკლას ზულე

გერმანული გამოცემების ინფორმაციით „წითელმა ეშმაკებმა“ თვალი „ბაიერნის“ ცენტრალურ მცველს, ნიკლას ზულეს დაადგეს. 23 წლის უკანახაზელი ჟერომ ბოატენგს ღირსეულად ცვლის და ბრწყინვალე სეზონს ატარებს.

როგორც ირკვევა „მანჩესტერის“ წარმომადგენლები მიუნხენელებს უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა რთული წარმოსადგენია „რეკორდმაისტერმა“ ზულე დათმოს. თუ ტრანსფერი მაინც შედგა ბრიტანელებს დაახლოებით 40 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

კირან ტრიპიერი

მსოფლიო ჩემპიონატზე ტრიპიერი ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ, თუმცა „ტოტენჰემში“ იგივე წარმატებას ვეღარ მიაღწია და წლეულს გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს.

ტრიპიერის ლონდონური მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და შესაძლოა „მანჩესტერმა“ ამით ისარგებლოს. „იუნაიტედი“ ინგლისელს ანტონიო ვალენსიას შემცვლელად განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ ტრიპიერის საკუთარ რიგებში ხილვა „ნაპოლის“ და „ატლეტიკოსაც“ სურთ.

იდრისა გეიე

„წითელი ეშმაკების“ ერთ-ერთი სამიზნე „ევერტონის“ ნახევარდაცვის ლიდერი, იდრისა გეიე გახლავთ. სენეგალელი მაღალი დონის ფეხბურთელია, რაც „მანჩესტერთან“ ჯახშიც დაამტკიცა. გეიეს ნგოლო კანტეს ადარებენ და ბრიტანული გამოცემები მას ანდერ ერერას შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას „პსჟ-ში“ გააგრძელებს.

ჟოაო ფელიში

ჟოა ფელიში პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკლავია და გასაკვირი არაა, რომ მისი შეძენა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს. ერთ-ერთი მათგანი „მანჩესტერი“ გახლავთ.

„ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები „ბენფიკას“ თავდამსხმელის თამაშს დიდი ინტერესით აკვირდებიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის გასაჩარხად სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევთ. გავრცელებული ინფორმაციით ფელიშის აგენტები „სიტის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ და მომავალს იმედიანად უყურებენ.

ნიკოლას პეპე

„ლილის“ 23 წლის ფორვარდი, ნიკოლას პეპე, ზაფხულში ალბათ ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება. კოტ-დივუარელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში „ლიგა 1-ში“ 32 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლი შეაგდო. საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში მეტოქე გუნდების კარი მასზე მეტჯერ მხოლოდ კილიან მბაპემ აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები