Aa
Aa
24 აპრილი 2019  |  10:31

"აიაქსმა" ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორია გადაწერა

ამსტერდამის „აიაქსი“ მიმდინარე სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. ერიკ ტენ ჰაგის ბიჭები საოცარ ფეხბურთს თამაშობენ და ნეიტრალური გულშემატკივრების გულები დაიპყრეს. „ღვთის შვილები“ წლეულს სამ ფრონტზე იბრძვიან. „აიაქსს“ შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის, ჰოლანდიის ჩემპიონატის და ქვეყნის თასის ტრიუმფატორი გახდეს.

გუშინ ამსტერდამელებმა „ერედივიზიის“ 32-ე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „ვიტესი“ მიიღეს და მეტოქე 4-2 დაამარცხეს. არნემელთა წინააღმდეგ გამართულ დაპირისპირებაში ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებმა ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორია გადაწერეს.

„აიაქსმა“ ყველა ტურნირის ეგიდით მიმდინარე სეზონში თავისი 160-ე გოლი გაიტანა, რაც ჰოლანდიური კლუბებისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე საუკეთესო შედეგი „ალკმაარს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 1980-81 წლების სეზონში მეტოქე გუნდების კარის აღება 158-ჯერ მოახერხა.

„აიაქსს“ ჰოლანდიის ჩემპიონატში 111 ბურთი აქვს შეგდებული. ჩემპიონთა ლიგაზე მოწინააღმდეგე კლუბის ქომაგები 32-ჯერ დაამწუხრა. ქვეყნის თასზე კი „ღვთის შვილებმა“ 17 გოლი გაიტანეს.

„ვიტესთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ამსტერდამელებმა პირველ ადგილზე გადაინაცვლეს. „ღვთის შვილები“ უშუალო მდევარს, „პსვ-ს“ სამი ქულით უსწრებენ, თუმცა ამ უკანასკნელს ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები