ზიდანის არჩევანი: ფრანგი კურტუასთან მუშაობას არ გეგმავს
Aa
Aa

ზიდანის არჩევანი: ფრანგი კურტუასთან მუშაობას არ გეგმავს

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''რეალის'' მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას გაყიდვა სურს. ფრანგს სპეციალისტს ნომერ პირველ მეკარედ კოსტარიკელი კეილორ ნავასი ესახება. libertaddigital-ის ცნობით ზიდანი ამ თემაზე კლუბის ხელმძღვანელებს ესაუბრა და მათ ბელგიელი კარის დარაჯის გაყიდვის მოთხოვნა წაუყენა.

გასულ კვირაში ზინედინ ზიდანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბში ცვლილებები განხორციელდება. როგორც ჩანს ზიდანის აზრით კურტუამ სხვა გუნდში უნდა გააგრძელოს კარიერა, თუმცა მეკარეს გუნდიდან წასვლის სურვილი არ აქვს.

ბილბაოს ''ატლეტიკთან'' მატჩამდე ზიდანმა განაცხადა: ''კლუბთან სატრანსფერო გეგმებზე საუბარს ვაპირებ, რადგან ვიცი, რაც მსურს. ვნახოთ რას შევძლებთ სატრანსფერო ბაზარზე, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ცვლილებები იქნება. ''რეალი'' ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელებით ინტერესდება, მათ მიწვევაზე ზრუნავს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ეს სეზონი წარუმატებელი გამოვიდა და ცვლილებების დროა.''

26 წლის კურტუას ''გენკში,'' ''ჩელსისა'' და მადრიდის ''ატლეტიკოში'' უთამაშია. მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კურტუა ლონდონური კლუბიდან ''სამეფო გუნდში'' გადაბარგდა. ბელგიის ეროვნული ნაკრების მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, 32 წლის კოსტარიკელმა კეილორ ნავასმა კი მხოლოდ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

რაც შეეხება ჩემპინთა ლიგას, ნავასმა 3 შეხვედრაში ითამაშა, ხოლო ბელგიელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 5 მატჩი ჩაატარა.

ასევე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ''რეალის'' მაისურით 1 მატჩი 20 წლის ლუკა ზიდანმა ჩაატარა, რომელიც მთავარი მწვრთნელის შვილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები