Aa
Aa

სენსაცია! ჯეიმს კეჰილმა რონი ოსალივანი დაამარცხა!

სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა. ჯეიმს კეჰილმა, რომელიც მოყვარულის სტატუსს ატარებს, ასპარეზობას რეიტინგის პირველი ნომერი და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, რონი ოსალივანი, გამოთიშა.

23 წლის მოთამაშე პირველი მოყვარულია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. ჯეიმსი ძირითად ბადეში კვალიფიკაციის დაძლევის შემდეგ მოხვდა.

დაპირისპირების პირველი სესია კეჰილის მინიმალური უპირატესობით დასრულდა - 5-4. სიტუაცია არც დასკვნითი სესიის მიმდინარეობისას შეცვლილა. ჯეიმსი 13 ფრეიმის შემდეგ 8-5-ს იგებდა, თუმცა ოსალივანმა თამაშში დაბრუნება მოახერხა და ანგარიში გაათანარა.

ბოლო ორი ფრეიმი საკმაოდ დაძაბული და დრამატული გამოდგა. კეჰილმა ნერვების მოთოკვა შეძლო  და სნუკერის მოყვარულები შოკში ჩააგდო. 23 წლის ტრიუმფატორმა მატჩის შემდეგ BBC-ს მოკლე ინტერვიუ მისცა და განაცხადა: „პირველივე ფრეიმში რონიმ „სენჩერი“ გააკეთა და ვიცოდი, რომ წარმატების მისაღწევად საუკეთესო თამაშის ჩვენება მჭირდებოდა".

„საკუთარი თავის მთელი შეხვედრის განმავლობაში მჯეროდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ნებისმიერი ოპონენტის დამარცხება შემეძლო. ძალიან ბედნიერი ვარ! დღეს დავამტკიცე, რომ უმაღლეს დონეზე ღირსეულად თამაში შემიძლია“.

ბრიტანული გამოცემა რონი ოსალივანსაც გაესაუბრა: „სიმართლე გითხრათ თავს საშინლად ვგრძნობ. ბოლო პერიოდში ნორმალურად არ მიძინია და ძალიან გადაღლილი ვარ. ასეთ ტურნირზე წარმატების მისაღწევად საჭიროა 100 პროცენტით მზად იყო. თუ ასე არაა სერიოზული პრობლემები შეგექმნება. მე ზუსტად ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი, თუმცა ჯეიმსის გამოსვლას არ ვაკნინებ. მან შესანიშნავად იასპარეზა და დამსახურებულად გაიმარჯვა“.

ცხელი ამბები