ხავის და არველაძის შეხვედრა ყატარში: ესპანელის დრამატული გამარჯვება
Aa
Aa

ხავის და არველაძის შეხვედრა ყატარში: ესპანელის დრამატული გამარჯვება

აზიის ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფის მე-4 ტურში ''ალ სადმა'' ყატარში ტაშკენტის ''ფახთაქორი'' 2:1 დაამარცხა. მასპინძლებმა ანგარიში მე-9 წუთზე ლეგენდარული ხავის ბრწყინვალე გოლით გახსნეს. 30-ე წუთზე კრიმეცმა ანგარიში გაათანაბრა.

87-ე წუთზე ხავის საგოლე გადაცემა ალჟირელი ბაღდად ბუნეჯახის გოლით დასრულდა. გადამწყვეტი გოლისას ''ფახთაქორის'' ფეხბურთელმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა და მეტოქემ მისი შეცდომით ისარგებლა.

შოთა არველაძე: ''კარგი მატჩი გამოვიდა, ეს იყო რთული შეხვედრა. ბოლომდე დავიხარჯეთ, თუმცა შედეგით კმაყოფილები არ ვართ. მეტოქის თამაშის სტილი უცვლელი იყო, მაგრამ ცდილობდა შეტევაში განსხვავებულად ემოქმედა. მათი თამაში მოულოდნელი არ ყოფილა. ოპონენტი მისი ფილოსოფიის მიხედვით თამაშობდა. ჯგუფში კვლავ რთული ვითარებაა.''

შეგახსენებთ, ტაშკენტში გამართული შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და ხავიმ დუბლი შეასრულა. ასე რომ ლეგენდარულმა ესპანელმა ორ მატჩში არველაძის გუნდს 3 გოლი გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ არველაძის გუნდი 2018 წლის 26 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. ყველა ტურნირის ჩათვლით დაუმარცხებელმა სერიამ 11 მატჩი შეადგინა.

აზიის ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფში 4 ტურის შემდეგ ''ალ სადი'' 7 ქულით პირველ ადგილზეა, ''ალ აჰლის'' ანგარიშზე 6 ქულაა, ''ფახთაქორი'' 5 ქულით მე-3 ადგილზე დაქვეითდა, ბოლო ადგილს კი ირანული ''პერსეპოლისი'' 4 ქულით იკავებს.

მე-5 ტურში ''ფახთაქორი'' საშინაო შეხვედრას ''პერსეპოლისთან'' ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები