Aa
Aa

მანჩესტერული დერბი კევინ დე ბრუინის გარეშე

ოთხშაბათს პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის მებრძოლი „მანჩესტერ სიტი“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. პეპ გუარდიოლას ბიჭები „ოცნებათა თეატრში“ ჩადიან და „წითელ ეშმაკებს“ დაუპირისპირდებიან.

„ნისლიან ალბიონზე“ მანჩესტერულ დერბის დიდი ინტერესით ელიან. ბევრი თვლის, რომ მიმდინარე სეზონის ტრიუმფატორის ბედი სწორედ ამ მატჩში გაირკვევა.

ოლე გუნარ სულშერის „იუნაიტედი“ საშინელ ფორმაში იმყოფება, რაც „ევერტონთნ“ ჯახშიც კარგად გამოჩნდა, რაც შეეხება „სიტის“ პეპ გუარდიოლას ბიჭები პრინციპულ დაპირისპირებას საკადრო პრობლემებით ხვდებიან.

ბრიტანული გამოცემების ცნობით „ქალაქელებს“ გამარჯვებისთვის ბრძოლა კევინ დე ბრუინის გარეშე მოუწევთ. ბელგიელმა ნახევარმცველმა „ტოტენჰემთან“ მატჩში მუხლქვეშა მყესი დაიზინა და „სიტის“ სამედიცინო შტაბმა „ოლდ ტრაფორდზე“ გასვლის ნება არ დართო.

The Sun-ის ცნობით ტრავმა სერიოზული არ გახლავთ და დე ბრუინს არც პრობლემატურ მარცხენა მუხლზე მიუღია დაზიანება, ასე რომ კევინი გუნდს სულ მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „ქალაქელები“ 86 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებენ და ლიდერ „ლივერპულს“ ორი ქულით ჩამორჩებიან. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი - საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის და მეოთხე ადგილთან მხოლოდ 3 ქულა აშორებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები