Aa
Aa

მაზიელო: "იმ მომენტში მხოლოდ ის ვიფიქრე, რომ"...

ბერგამოს „ატალანტა“ ბრწყინვალე სვლას აგრძელებს და სერია A-ს 33-ე ტურში მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჯან პიერო გასპერინის გუნდმა სტუმრად „ნაპოლი“ 2:1 დაამარცხა და მეოთხეადგილოსან „მილანს“ გაუთანაბრდა.

მატჩის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი მეორე ტაიმის სტარტზე დადგა. „ნაპოლი“ 1:0-ს იგებდა, როცა არკადიუშ მილიკი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მას თავზე ბურთი გადაუგდო და გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ბერგამოელთა მცველმა, ანდრეა მაზიელომ გასაოცარი ვარდნით ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.

მაზიელომ აღნიშნულ ეპიზოდში დაზიანება მიიღო, თუმცა თამაში გააგრძელა და მისმა გუნდმა ამის შემდეგ გატანილი 2 გოლით, უაღრესად საჭირო 3 ქულა აიღო. მატჩის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ეპიზოდი შეაფასა და პრესასთან კომენტარი გააკეთა.

„როცა დავინახე, რომ მილიკი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, მხოლოდ ის ვიფიქრე, კართან გავჩენილიყავი. მჯეროდა, რომ არ უნდა დავნებებულიყავი და რაღაც ისეთი ვიგრძენი, რამაც შთამაგონა, რომ ბოლო კაცი ვიყავი, რომელსაც გუნდის გადარჩენა შეეძლო. ასე რომ, ეს ვარდნა სწორედ ამ ყველაფერმა გამაკეთებინა.

ჩვენი გუნდის კრედო სწორედ ესაა, ენერგია არასდროს უნდა დაზოგო და ბოლომდე იბრძოლო. იმ მომენტში ტერფის დაზიანება მივიღე, მაგრამ ეს არ მანაღვლებს, რადგან რაც მოხდა, ტრავმად ნამდვილად ღირდა.

სეზონის წინ არ ველოდი, რომ ასეთ დროს ცხრილში ამ პოზიციაზე ვიქნებოდით. ჩვენ საკუთარ თავებს უბრალოდ ვუთხარით, რომ თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის უნდა გვეთამაშა. ახლა უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ნამდვილად გვჯერა, ამასთანავე, იტალიის თასის მოგებაც გვინდა“.

„ატალანტამ“ ზედიზედ მერვე დაუმარცხებელი შეხვედრა ჩაატარა და „მილანის“ მსგავსად, 56 ქულა მოაგროვა, ბერგამოელები „როსონერის“ ურთიერთშეხვედრათა ბალანსის გამო ჩამორჩებიან.

ჯან პიერო გასპერინის ბიჭები სერია A-ს მომდევნო ტურში „უდინეზეს“ უმასპინძლებენ, შემდეგ კი რომში, „ლაციოს“ წინააღმდეგ ითამაშებენ. იქამდე კი, ხუთშაბათს, იტალიის თასის საპასუხო 1/2 ფინალურ მატჩში, "ფიორენტინას" მიიღებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები