Aa
Aa

იანისი დომინირებს! "მილუოკიმ" "დეტროიტის" ბარიერი გადალახა

ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსი“ ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. გამთენიისას ქართველი ცენტრის გუნდი „მილუოკისთან“ მიჯრით მეოთხედ დამარცხდა და სერია მშრალი ანგარიშით წააგო.

დუეინ კეისის შეგირდებს ვერც ბლეიკ გრიფინის დაბრუნებამ უშველა. 30 წლის მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 27 წუთზე მეტი გაატარა და აქტივში 22 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, მაგრამ  მისი გარჯა გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ბაქსის“ რიგებში იანის ანტეტოკოუნმპომ გაიბრწყინა. „ხარირმების“ 24 წლის სუპერვარსკლავმა პლეიოფებში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა და შეხვედრა 41 ქულით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ „დეტროიტს“ პლეიოფში ზედიზედ 14 შეხვედრა აქვს წაგებული, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ანტირეკორდია.

„ხარირმებმა“ დიდხნიანი პაუზის შემდეგ პირველად მოახერხეს საწყისი რაუნდის დაძლევა. 2001-დან 2018 წლამდე „მილუოკი“ პლეიოფში 8-ჯერ გავიდა და მომდევნო ეტაპის საგზური ვერცერთხელ მოიპოვა. ბოლოს „ბაქსის“ კალათბურთელები მეორე რაუნდში მაშინ ასპარეზობდნენ, როცა გუნდის რიგებში რეი ალენი ბრწყინავდა.

მაიკ ბუდენჰოლცერის ბიჭებმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტები არიან, თუმცა ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. მეორე რაუნდში ანტეტოკოუნმპო და კომპანია საუკეთესოს ვინაობას „ბოსტონ სელტიკსის“ წინააღმდეგ გაარკვევენ. „კელტებმა“ „ინდიანასთან“ ჩვეულ სტილში იასპარეზეს და საკმაოც ძლიერი „პეისერსი“ 4-0 გაანადგურეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები