Aa
Aa

"ფინიქსმა" კოკოშკოვი გაათავისუფლა

„ფინიქს სანსმა“ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი, გაათავისუფლა. ეს ინფორმაცია გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ, ESPN-მა გაავრცელა.

სერბი სპეციალისტი არიზონული გუნდის თავკაცის პოსტზე შარშან დაინიშნა და ერლ უოტსონი ჩაანაცვლა. კოკოშკოვის მეთაურობით „სანსმა“ სერიოზულ პროგრესს ვერ მიაღწია და 82 მატჩიდან მხოლოდ 19 მოიგო. მიუხედავად ამისა „ფინიქსის“ მესვეურები კოკოშკოვის მუშაობით კმაყოფილები იყვნენ და აქცენტს სეზონის დასკვნით ნაწილზე აკეთებდნენ, რომელიც „სანსმა“ უჩვეულოდ კარგად ჩაატარა. „ფინიქსის“ ხელმძღვანელობა იგორთან კონტრაქტის გახანგრძლივებასაც გეგმავდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფერი შეიცვალა.

ESPN-ის ცნობით არიზონელები კოკოშკოვის შემცვლელად „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ სამწვრთნელო შტაბის წევრ მონტი უილიამსს განიხილავენ. ეს უკანასკნელი თავის დროზე „ნიუ ორლეანს“ ედგა სათავეში და მისი გადაბირებით ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსიცაა“ დაინტერესებული.

იგორ კოკოშკოვი NBA-ის ისტორიაში პირველი მთავარი მწვრთნელია, რომელიც ა.შ.შ-ს საზღვრებს მიღმა დაიბადა და გაიზარდა. „ფინიქსის“ თავკაცის პოსტის დაკავებამდე სერბი სპეციალისტი „იუტა ჯაზის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა და პარალელურად სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების დამრიგებლის ფუნქციებს ითავსებდა. ბალკანელებთან ერთად კოკოშკოვმა საკალათბურთო სამყარო გააოცა და 2017 წლის ევრობასკეტის ტრიუმფატორი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები