მატიჩი:
Aa
Aa

მატიჩი: "ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მოედანზე ლიდერები არ გვყავდა"

„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონასთან“ განადგურების შემდეგ შოკიდან ჯერაც ვერ გამოვიდა.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა პრემიერლიგაში „ევერტონთან“ უმნიშვნელოვანესი მატჩი წააგო. „წითელი ეშმაკები“ „გუდისონ პარკზე“ 0:4 განადგურდნენ.

„იუნაიტედის“ თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე გუნდის ლიდერები იმყოფებოდნენ, მათ ვერაფრის შეცვლა ვერ მოახერხეს.

მატჩის შემდეგ ნემანია მატიჩმა ლიდერის თვისებები გამოავლინა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

„ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ მოედანზე ლიდერები არ გვყავდა. გუნდში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე მე ვარ. თუ ჩვენ მოედნის ცენტრში ბრძოლას ვერ მოვიგებთ, ასე თამაში გაგვიჭირდება.

თუ ვინმე ამ მატჩის შემდეგ კრიტიკას იმსახურებს, პირველ რიგში ეს მე ვარ.

ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის თავზე აღება მე მმართებს, რადგან გასახდელში ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ვარ“.

მარცხის გამო ქომაგებს ბოდიში მოუხადა სულშერმა, რომელიც თავისი შეგირდების კრიტიკასაც არ მოერიდა.

„ევერტონმა ყველა ასპექტში გვაჯობა. წარმატების მისაღწევად ბევრი რამ უკეთ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ საშინლად ვითამაშეთ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. დღეს ნამდვილად არ ვიმსახურებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახელით გამოსვლას და მინდა „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო“.

„დასამალი არაფერი მაქვს. ფაქტია, რომ გუნდმა ჩვეულ სტილში ვერ იასპარეზა და თამაშის გაუმჯობესება მართებს. ეს კლუბი მიმდინარე სეზონში რთულ სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩნდა, მაგრამ არცერთხელ დანებებულა“.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს „ოლდ ტრაფორდზე“ მანჩესტერული დერბი გაიმართება, რომელიც ორივე გუნდისთვის ბევრ რამეს გაარკვევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები