Aa
Aa

"ლივერპულისა" და "სიტის" ბრძოლა, რომელიც ისტორიას აუცილებლად დარჩება

მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის ჩემპიონობისთვის ორი გუნდი იბრძვის - პეპ გუარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ და იურგენ კლოპის „ლივერპული“. ამჟამად პირველ ადგილს „მერსისაიდელები“ იკავებენ. „წითლებმა“ ბოლო შეხვედრაში „კარდიფი“ დაამარცხეს და უშუალო კონკურენტს 2 ქულით უსწრებენ, თუმცა გუარდიოლას ბიჭებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

„ლივერპულისა“ და „სიტის“ დაპირისპირება ნამდვილად გამორჩეულია, რაზეც რამდენიმე საინტერესო ფაქტი მეტყველებს.

იურგენ კლოპის გუნდის რეკორდი

"მერსისაიდელები" ბრწყინვალე სეზონს ატარებენ. „წითლები“ სანუკვარი თასის დასასაკუთრებლად იბრძვიან და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც იმყოფებიან.

კვირას "კარდიფთან" მატჩში "ლივერპულმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ამჟამად "ენფილდის" ბინადართა ანგარიშზე 88 ქულაა. ეს „წითლებისთვის“ სარეკორდო მაჩვენებელია. პრემიერ ლიგის დაარსების შემდეგ "მერსისაიდელებს" 86 ქულაზე მეტი არასდროს დაუგროვებიათ. 

აღსანიშნავია, რომ იურგენ კლოპის ბიჭებს კიდევ 3 მატჩი აქვთ ჩასატარებელი.

სწორ ადგილას, არასწორ დროს

თუ ყველაფერი კარგად წარიმართა "ლივერპულს" შანსი აქვს სეზონი 97 ქულით დაასრულოს. „წითლებმა“ „ჰადერსფილდი“, „ნიუკასლი“ და „ვულვზი“ უნდა დაამარცხონ, თუმცა მომავალზე საუბარს შევეშვათ და აწმყო განვიხილოთ. პრემიერ ლიგის წინა 26 სეზონიდან 15-ში 88 ქულა ჩემპიონობისთვის სავსებით საკმარისი იქნებოდა!

2019 წელს „სიტი“ შეუჩერებელია

ოთხშაბათს პეპ გუარდიოლას კოლექტივს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელის. "ქალაქელები" „ოლდ ტრაფორდზე“ ჩადიან და ჩემპიონის ბედი სავარაუდოდ სწორედ მანჩესტერულ დერბიში გადაწყდება.

„იუნაიტედი“ ცუდ ფორმაში იმყოფება. გუარდიოლას მანქანას კი პრემიერ ლიგაში ფაქტობრივად ვერ აჩერებენ. 2019 წელს „სიტიმ“ ინგლისის უმაღლესი ჩემპიონატის ეგიდით 14 მატჩი გამართა და სამი ქულის აღება მხოლოდ ერთხელ ვერ მოახერხა. "ქალაქელებს" ფეხი "ნიუკასლთან" დაუცდათ.

ბრწყინვალე დაცვა

"ლივერპულმა" მთელი რიგი პრობლემების მოსაგვარებლად სერიოზული ფინანსური რესურსი დახარჯა. "მერსისაიდელთა" რისკმა გაამართლა და დაცვის ხაზი, რომელიც ოდესღაც „წითლების“ მთავარი სისუსტე იყო, მათ ერთ-ერთ იარაღად იქცა. 

მიმდინარე სეზონში „ლივერპულს“ 20 გოლი აქვს გაშვებული და კარი მშრალად 19-ჯერ შეინახა. იურგენ კლოპის გუნდს ფეხდაფეხ მიჰყვება „სიტი“. გუარდიოლას შეგირდებმა 22 გოლი გაუშვეს და მეტოქეს 17 მატჩში არ გაატანინეს.

„სიტის“ საოცარი გამოსვლა

3 მარტი - დღე, როცა "ლივერპული" და "სიტიდან" ერთ-ერთმა ქულები დაკარგა. იურგენ კლოპის ბიჭებს ზედიზედ 6 მატჩი აქვთ მოგებული. „ქალაქელებმა“ კი სასურველი შედეგი მიჯრით 10 შეხვედრაში დააფიქსირეს. 

მანჩესტერელებმა დარჩენილი 4 მატჩი რომ მოიგონ "არსენალის“ 2002 წლის მიღწევას გაიმეორებენ. მაშინ „მეთოფეებმა“ ზედიზედ 14-ჯერ იმარჯვეს. ლონდონელები ამ მაჩვენებლით დიდი ხნის განმავლობაში პრემიერ ლიგის რეკორდს ფლობდნენ, თუმცა „ქალაქელებმა“ აჯობეს და 2017 წელს საკუთარი გულშემატკივარი მიჯრით 18 შეხვედრაში გაახარეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები