სულშერი:
Aa
Aa

სულშერი: "მინდა „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ოლე გუნარ სულშერმა, „ევერტონთან“ განცდილი ფიასკოს შემდეგ „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს მოუბოდიშა. ნორვეგიელი სპეციალისტის გუნდი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურის დასასაკუთრებლად იბრძვის, თუმცა „გუდისონ პარკზე“ საშინლად იასპარეზა და 4-0 დამარცხდა.

„კანფეტების“ მხრიდან თავი რიშარლისონმა, გილფი სიგურდსონმა, ლუკას დინმა და ტეო უოლკოტმა გამოიჩინეს. „მანჩესტერმა“ კი ყველა ტურნირის ეგიდით მიჯრით ხუთი გასვლითი შეხვედრა 1981 წლის შემდეგ პირველად წააგო.

ბუნებრივია სულშერი თავისი შეგირდების მიერ ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო იყო და მათ კრიტიკასაც არ მოერიდა.

„ევერტონმა ყველა ასპექტში გვაჯობა. წარმატების მისაღწევად ბევრი რამ უკეთ უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ საშინლად ვითამაშეთ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. დღეს ნამდვილად არ ვიმსახურებით „მანჩესტერ იუნაიტედის“ სახელით გამოსვლას და მინდა „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო“.

„დასამალი არაფერი მაქვს. ფაქტია, რომ გუნდმა ჩვეულ სტილში ვერ იასპარეზა და თამაშის გაუმჯობესება მართებს. ეს კლუბი მიმდინარე სეზონში რთულ სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩნდა, მაგრამ არცერთხელ დანებებულა“.

ნორვეგიელი სპეციალისტის კოლექტივი სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს, თუმცა მეოთხეადგილოსან „არსენალს“ მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. „წითელ ეშმაკებს“ პრობლემების გამოსწორების შანსი მომდევნო ტურში მიეცემათ. ოლე გუნარ სულშერის ბიჭები „ოლდ ტრაფორდზე“ პეპ გუარდიოლას „სიტის“ მიიღებენ და საკუთარი გულშემატკივრების გულის მოგებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები