კევინ დურანტი პლეიოფის საუკეთესო მექულეთა სიაში აღმასვლას განაგრძობს
Aa
Aa

კევინ დურანტი პლეიოფის საუკეთესო მექულეთა სიაში აღმასვლას განაგრძობს

NBA-ის მოქმედმა ჩემპიონმა, „გოლდენ სტეიტმა“, საკუთარ კედლებში განცდილი მარცხის შემდეგ დოკ რივერსის „კლიპერსი“ მიჯრით მეორედ დაამარცხა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა.

„მეომრების“ წარმატება დიდწილად კევინ დურანტისა და კლეი ტომპსონის დამსახურება გახლდათ. ოკლენდელთა ვარსკლავურმა დუეტმა კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და ჯამში 65 ქულა მიითვალა. ყველაზე მეტი, 33 ქულა, „კეიდიმ“ ჩააგდო და პლეიოფის საუკეთესო მექულეთა სიაში ერთი პოზიციით დაწინაურდა.

„უორიორსის“ 30 წლის მსუბუქმა ფორვარდმა „ჰიუსტონის“ ლეგენდარულ ცენტრს, ჰაკიმ ოლაჯუონს, გადაასწრო და მეცამეტე ადგილზე გადაინაცვლა. დურანტს კარიერის განმავლობაში პლეიოფში 3771 ქულა აქვს ჩაგდებული. კევინის მომდევნო კონკურენტი ჯონ ჰავლიჩეკია, რომლის მიერ დაფიქსირებულ შედეგსაც დურანტი სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გააუმჯობესებს.

ლოს-ანჯელესში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ „გოლდენ სტეიტი“ სერიაში 3-1 დაწინაურდა. „მეომრებისა“ და „კლიპერსის“ რიგით მეხუთე მატჩი 24 აპრილსაა დაგეგმილი. „უორიორსს“ საკუთარ კედლებში რევანშის აღების და მომდევნო ეტაპის საგზურის დასაკუთრების შანსი ექნება.

დოკ რივერსის გუნდთან სასურველი შედეგის მიღწევის შემთხვევაში სტივ კერის ბიჭებს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. პლეიოფის მეორე რაუნდში ოკლენდელები დიდი ალბათობით ჯეიმს ჰარდენის „ჰიუსტონს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები