აზარი და სხვები: ბელგიელი ფაქტიურად მადრიდელია - ზიდანმა საბოლოო სატრანსფერო სია შეადგინა!
Aa
Aa

აზარი და სხვები: ბელგიელი ფაქტიურად მადრიდელია - ზიდანმა საბოლოო სატრანსფერო სია შეადგინა!

ზინედინ ზიდანმა სატრანსფერო სია როგორც იქნა დაალაგა და ჩამოაყალიბა. ესპანური პრესა უკვე კონკრეტულ გვარებზე საუბრობს და "რეალის" სავარაუდო შემადგენლობაზეც მსჯელობს კიდეც, რომლითაც "სამეფო კლუბი" ახალი სეზონიდან ითამაშებს.

დღეს ფრანგულმა Telefoot-თმა დაწერა, რომ "რეალმა" ედენ აზარის ტრანსფერზე მუშაობა თითქმის დაასრულა და ბელგიელის მადრიდში გადაბარგება პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

წყაროს თანახმად, "რეალი" აზარს დაახლოებით 120 მილიონ ევროდ შეიძენს. "ჩელსის" ათიანი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ გეგმავს და ეს ყველაფერი მისი გუნდიდან წასვლის სურვილზე მიუთითებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით "ჩელსი" თავის ლიდერს ფასს ვეღარ აუწევს და იძულებული იქნება მადრიდელთა წინადადება განიხილოს.

აზარის გარდა "რეალის" სატრანსფერი სიაში პოლ პოგბა, კრისტიან ერიკსენი და ლუკა იოვიჩი იმყოფებიან.

ხსენებული სახელები მადრიდელთა სიაში ბოლო დღეებში გამოიკვეთა. ზიზუს მოედნის ცენტრში ახალი სისხლი სჭირდება და ასეთად პოგბა-ერიკსენს შორის ერთ-ერთს ხედავს.

რაც შეეხება ლუკა იოვიჩს, სერბი ფორვარდი "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში აღარ იმყოფება და როგორც Marca წერს, "რეალი" მის შეძენასთან საკმაოდ ახლოსაა.

მადრიდულ-ფრანკფურტული მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ტრანსფერის გაოფიციალურებასაც ელოდებიან.

ამავდროულად ესპანური AS-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ზიდანი ახალი ტაქტიკური სქემის გამოყენებას შეეცდება და ეს აზარი-ვინისიუსის დამსახურება იქნება, რადგან ბრაზილიელიც და ბელგიელიც ერთ პოზიციაზე თამაშობენ.

ზიდანი აზარის მოედნის ცენტრში გამოყენებას არ გამორიცხავს. სეზონის განმავლობაში იქნება შეხვედრები, როდესაც ბელგიელი ფორვარდის უკან ითამაშებს და მას მოედანზე სრული თავისუფლება მიეცემა.

და ბოლოს - ბეილი, ისკო, ასენსიოს ტრიოდან გუნდში დარჩენის ყველაზე დიდი შანსი ასენსიოს აქვს, რომელსაც ზიდანი ყველაზე მეტად ენდობა.

ისკოსა და ბეილის წასვლა კი საკმაოდ რეალურია, თუმცა ეს ყველაფერი "რეალის" ტრანსფერებზე იქნება დამოკიდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები