მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "როდესაც მესის აქვს სივრცე, ბურთი და ის ერთი-ერთზე რჩება - შენ მკვდარი ხარ"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა ისტორიული მარცხით დაასრულა.

"წითელმა ეშმაკებმა" "ბარსელონასთან" ორი მატჩის ჯამში 0:4 წააგეს და ეს ევროტურნირებზე მათთვის პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პლეი-ოფის სტადიაზე 4 ბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.

ოლე გუნარ სულშერის წინამორბედმა ჟოზე მოურინიომ Russia Today-სთან საუბრისას ნორვეგიელი სპეციალისტი მის მიერ არჩეული ტაქტიკის გამო გააკრიტიკა.

"განსაკუთრებულის" თქმით, სულშერმა მესის ზედმეტად დიდი სივრცე მისცა და ამ ფაქტმა "მანჩესტერს" შანსები მოუკლა.

"ვფიქრობ, "იუნაიტედმა" შეხვედრები განსხვავებულად ჩაატარა. პირველ მატჩში მათი სტილი სხვაგვარი იყო. ისინი მოედნის ცენტრის დაკავებას ცდილობდნენ.

მესის პოზიცია და მისი მოქმედების წინასწარ გაგება ადვილია, თუმცა ლეოს გალიაში ჩასმა და გაკონტროლება ურთულესია.

მესი ჯერ მარჯვნივ მიდის, შემდეგ კი ცენტრში რჩება, ამ დროს კი რაკიტიჩი მარჯვენა ფლანგზე მის ადგილს იკავებს და ლეოს ცენტრში დარჩენის საშუალებას აძლევს. ეს ძალიან რთულია.

"მანჩესტერმა" პირველ შეხვედრაში ეს ზონები ძალიან კარგად გადაკეტა. მის წინააღმდეგ ცენტრში ფრედი მოქმედებდა.

მესიმ დაინახა, რომ მაკტომინეიც გამუდმებით სიღრმიდან მოედნის ცენტრში მოქმედებდა.

რადგან "იუნაიტედმა" პირველი შეხვედრა 0:1 დათმო, მათ გადაწყვიტეს სხვაგვარად ემოქმედათ.

"კამპ ნოუზე" პოგბა მკვეთრად მარცხენა ფლანგიდან მოქმედებდა, მაკტომინეი კი მარჯვნიდან, ამ დროს ჯესი ლინგარდმა ფორვარდების უკან 10 ნომრის პოზიცია დაიკავა.

მოედნის ცენტრში საყრდენად მხოლოდ ფრედი დარჩა. აი ამ დროს მესიმ ის სივრცე მიიღო, რომელზეც ვსაუბრობდი.

როდესაც, მას აქვს სივრცე, ბურთი და ის ერთი-ერთზე რჩება - შენ მკვდარი ხარ.

აი სწორედ ამიტომ არ მიყვარდა არასდროს მესის წინააღმდეგ ერთი-ერთზე ინდივიდუალური მეურვის მიჩენა.

თქვენ მესის გალია უნდა შეუქმნათ და ის მის შიგნით მოათავსოთ. "ბარსელონა" "ბარსელონაა" - მათ უკეთესი მოთამაშეები ჰყავთ, ვიდრე "მანჩესტერს". ვფიქრობ, ნორმალური იყო, რომ მათ გაიმარჯვეს".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები